საკონსტიტუციო ცვლილებები

ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მონაწილეობა გვსურს, ბარიერია შეთანხმების არშესრულება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციას სურს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუმცა ბარიერი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაა.

"ამ შეთანხმების შესრულებას კი წინ ივანიშვილის ნება უდგას. ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ჩვენთვის შეთანხმება არის მთლიანი.

ივანიშვილისგან არაფერია გასაკვირი [...] თუ გონსაა მოსული, ნაწილობრივ მაინც, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებეს არ ჩააგდებს. ჩვენ გვსურს, ასეთი სისულელე არ ჩაიდინოს, ქვეყანა არ დააზიანოს და თავი პოლიტიკურად არ დაიღუპოს", - ამბობს ბოკერია.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს დაიწყება. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტის ნიშნად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არ დაესწრებიან. ოპოზიცია კვლავ მოითხოვს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები