არჩევნები 2020

მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია იმ პირობას აყენებს, რაც არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში

ტაბულა

"ელჩების განცხადება რელევანტურია, იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება მხოლოდ ქართულ ოცნებას არ აქვს, ამის ვალდებულება ყველას გააჩნია," - ასე შეაფასა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულყოფილად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება.

"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი რაღაც პირობებს აყენებს, რომელი პირობაც რეალურად არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში. ჩვენ შეგვიძლია, [შეთანხმება] წავიკითხოთ და არა რაღაცები გამოვიგონოთ მათსავით. იქ ვნახავთ, რომ შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით და რის შესრულებასაც 100 პროცენტით ვაპირებთ [საარჩევნო ცვლილებები]...

თუ მოვუწოდებთ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, რომ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას საბოლოოდ და მის აღსრულებაში მიიღონ მონაწილეობა, ეს იქნება ძალიან კარგი, ეს ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრტიისთვისაც და არამარტო მათთვის" - ამბობს მდინარაძე.

8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ელჩების ჩართულობით გააფორმეს, საარჩევნო ცვლილებების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობდა. საერთაშორისო პარტნიორების და ოპოზიციის ზეწოლის ფონზე პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა, ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ვისზეც იყო საუბარი შეთანხმებაში, კვლავაც პატიმრობაში რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები