არჩევნები 2020

კობახიძე: ალბათ საგანგებოს გამოცხადება არ დაგვჭირდება და არჩევნები არ გადაიდება

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძის თქმით, ოქტომბერში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, დიდი ალბათობით, საჭირო არ იქნება, შესაბამისად, არც არჩევნები გადაიდება.

"არჩევნების თარიღი მითითებულია კონსტიტუციაში ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ – ეს არის ოქტომბრის ბოლო შაბათი. რაც შეეხება თეორიულად არჩევნების გადადებას, ეს შეიძლება მოხდეს იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობისთვის გარკვეული პირობები იქნება შექმნილი. თუმცა, ისეთi დინამიკა და ისეთი წარმატებული ისტორია გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რომ, მაღალი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უნდა დაგვჭირდეს და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები. გვრჩება თეორიული ვარიანტი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი გასული დღეების განმავლობაში. თუმცა, მე მაქვს რწმენა, რომ ამის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი". – თქვა კობახიძემ.

13 ივნისს კობახიძემ თქვა, რომ თუ ოქტომბერში კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, არჩევნები შესაძლოა გადაიდოს და "პირობითად, დეკემბერში ჩატარდეს".

16 ივნისს პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ არჩევნების გადადების რისკები არ არსებობს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

თუმცა, ჯერაც უცნობია, რა სისტემით ჩატარდება ის და როგორ გადანაწილდება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები –77/73-ზე თუ 120/30-ზე. საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს – ეს 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია. შეთანხმება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებასაც გულისხმობს, რომელიც იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით არის დაკავებული, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა აქვს მისჯილი. ოპოზიცია ამბობს, რომ თუ რურუა არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები