არჩევნები 2020

გახარია: ვთვლი, რომ არჩევნების გადადების რისკი დღეს არ არსებობს

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

"დღეისთვის ასეთი რისკი არ არსებობს" – ასე პასუხობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ არჩევნები გადაიდოს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გახარიამ თქვა, რომ არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. 

"მე ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს. თუ არსებობს, მინიმალურია. არჩევნებს საკონსტიტუციო ვადებში [ჩატარებას] დღეს არაფერი ემუქრება". – თქვა გახარიამ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების შესაძლებლობაზე პირველად ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ თუკი არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, კონსტიტუციის მიხედვით კი, არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან "არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღისა". კობახიძის "გათვლით", თუკი ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნები თარიღი "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს". 

კობახიძის აზრს იზიარებს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი და ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადავადდება. სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს, რომ არჩევნების ოქტომბერში გამართვის არ ეშინია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ, რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. ამ აზრს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძეც იზიარებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში განწირულია.

კომენტარები