ჯოან როულინგი

ჯოან როულინგის პასუხი კრიტიკოსებს: 5 მიზეზი სქესსა და გენდერზე სასაუბროდ

ლეგენდარულმა მწერალმა, ჯოან როულინგმა, კრიტიკოსებს, რომლებიც მას ტრანსოფობიაში ადანაშაულებენ, დიდი წერილით უპასუხა.

6 ივნისს როულინგი სტატიას გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა"

მწერალმა კი სტატია ტვიტერზე ამ კომენტარით გამოაქვეყნა: "ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ - დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?"

ამის შემდეგ, უკვე მეორედ, ჯოან როულინგი სოციალური მედიის მომხმარებლებმა ტრანსფობიაში დაადანაშაულეს.

წაიკითხეთ, რას პასუხობს როულინგი მათ:

"ეს არ არის მარტივად დასაწერი წერილი იმ მიზეზების გამო, რასაც მალე მოგახსენებთ, თუმცა დროა, ავხსნა საკუთარი შეხედულებები იმ თემის გარშემო, რაც ტოქსიკურობითაა გარშემორტყმული. ამის წერისას არ მაქვს სურვილი, ამ თემას მეც დავამატო ტოქსიკურობა.

მათ საყურადღებოდ, ვინც არ იცის: გასული წლის დეკემბერში Twitter-ზე მხარდაჭერა გამოვუცხადე მაია ფორესტერს, რომელმაც სამსახური დაკარგა იმის გამო, რომ მისი პოსტები ტრანსფობიურად ჩათვალეს. მან სასამართლოს მიმართა და სთხოვა მოსამართლეს, საქმე გადაეწყვიტა იმ ფილოსოფიური მრწამსით, რომ სქესის ბიოლოგიური დეტერმინირება კანონითაა დაცული. მაგრამ მოსამართლე ტეილორმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ეს ასე არ არის.

მე ამ საქმემდე ორი წლით ადრე დავინტერესდი ტრანსგენდერების პრობლემებით. ამ ხნის განმავლობაში, ვაკვირდებოდი დებატებს გენდერული იდენტობის შესახებ, ვხვდებოდი ტრანსგენდერებს, ვკითხულობდი გენდერის სპეციალისტების, ინტერსექსი ადამიანების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ექიმების დაწერილ წიგნებს, სტატიებსა და ბლოგებს. ერთი მხრივ ეს მაინტერესებდა პროფესიული თვალსაზრისით, რადგან ვწერ კრიმინალური სერიალების სცენარებს, სადაც მოქმედება ხდება ჩვენს დროში და ქალი დეტექტივი ისეთ ასაკშია, რომ ამ საკითხებითაა დაინტერესებული და ეს მასზე გავლენას ახდენს. მეორე მხრივ კი ეს თემა მაინტერესებს პირადად და აგიხსნით რატომაც.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ამ საკითხს შევისწავლიდი, ჩემს Twitter-ის პროფილზე ჩნდებოდა ტრანსგენდერ აქტივისტთა ბრალდებები და მუქარა. ყოველივე ეს გამოწვეული იყო კომენტარების მოწონებით. როდესაც ტრანსგენდერთა შესახებ წარმოქმნილი თემებით დავინტერესდი, დავიწყე ჩემთვის საინტერესო კომენტარების დასქრინვა, იმათი, რომელთა უფრო ღრმად შესწავლაც მინდოდა. ერთხელ, ნაცვლად იმისა, რომ დამესქრინა, გაუაზრებლად მოვიწონე. ეს უბრალი „ლაიქი“ არასწორად აზროვნების მტკიცებულებად ჩამითვალეს და დაიწყო განუწყვეტელი პატარ-პატარა თავდასხმები.

ერთი თვის შემდეგ Twitter-ზე მაგდალენ ბარნსი გამოვიწერე და ამით კიდევ უფრო დავიმძიმე კომენტარის უნებლიეთ დალაიქებით გამოწვეული ბრალი. მაგდალენი იყო ახალგაზრდა, საოცრად მამაცი ფემინისტი და ლესბოსელი, რომელიც ტვინის სიმსივნით კვდებოდა. მისი პროფილი იმისთვის გამოვიწერე, რომ მასთან კონტაქტის დამყარება მინდოდა და ეს გამომივიდა კიდეც. თანაც მაგდალენს სჯეროდა, რომ არსებობს ბიოლოგიური სქესი და არ მიაჩნდა, რომ ლესბოსელებისთვის არატოლერანტულები უნდა ეძახებინათ, თუკი მათ არ სურდათ პენისიან ტრანსგენდერ ქალებთან შეხვედრა.

ყოველივე ამას იმისთვის გიამბობთ, რომ მშვენივრად ვიცოდი, რაც მოხდებოდა, როცა მაიას მხარს ვუჭერდი. ამ დროს Twitter-ს მეოთხედ თუ მეხუთედ ვაუქმებდი. მე ველოდი, რომ გამომიგზავნიდნენ მუქარის წერილებს, ველოდი, რომ მეტყოდნენ, შენ ტრანსგენდერების მოკვლა გინდაო, ძუკნას დამიძახებდნენ და ჩემს წიგნებს დაწვავდნენ.

სრულიად არ მოველოდი, რომ გაუქმების შემდეგ ჩემს მეილზე წამოვიდა ზღვა წერილებისა, რომელთა უმეტესობა პოზიტიური იყო, მადლობისა და მხარდაჭერის გამომხატველი. ისინი დაწერილი იყო კეთილი და გონიერი ადამიანების მიერ. მათგან ზოგი გენდერულ დისფორიაზე მუშაობდა, ზოგი კი ტრანსგენდერებთან. მათ აწუხებდათ ის, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს სოციალურ-პოლიტიკური თემები პოლიტიკაზე, მედიცინასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. მათ აწუხებდათ საფრთხეები, რომლებიც ახალგაზრდებსა და გეებს ემუქრება, ასევე ისიც, რომ ირღვევა ქალებისა და გოგონების უფლებები. მაგრამ მათი მთავარი სატკივარი არის ის ატმოსფერო, რომელსაც ქმნის შიში, რომელსაც არასოდეს არავისთვის მოუტანია სიკეთე და, მითუმეტეს, ახალგაზრდა ტრანსგენდერებისათვის.

მე რამდენიმე თვით დავივიწყე Twitter-ი მაიასთვის მხარდაჭერის გამოცხადებამდე და მას შემდეგაც, იმისათვის, რომ ფსიქიკა არ შემრყეოდა და დავბრუნდი მხოლოდ პანდემიის დროს საბავშვო წიგნის გასაზიარებლად. მაშინვე შემომიცვივდნენ პროფილზე, თავიანთი აზრით, კეთილი და პროგრესული აქტივისტები, დამიწყეს დადანაშაულება სიძულვილში, მიზოგინიასა და ათას ისეთ რამეში, რაც ამ დებატებში ჩართულმა ყველა ქალმა იცის - TERF. თუ არ იცით, რა არის (ან კი რად უნდა იცოდეთ), ეს ტრანსგენდერი აქტვისტების გამოგონილი ტერმინის აკრონიმია, რაც ისეთ რადიკალ ფემინისტს გულისხმობს, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს არ ცნობს - სინამდვილეში კი მათგან უმეტესობა არასოდეს ყოფილა რადიკალ-ფემინისტი. მაგალითად, ტერფი შეიძლება იყოს დედა, რომელსაც შვილი გეი ჰყავს და ეშინია, ვაითუ მის შვილს ტრანზიცია მოუნდეს, იმისათვის, რომ გაექცეს ჰომოფობიურ ბულინგს, ანდა სრულიად არაფემინისტი ხანდაზმული ქალი, რომელსაც დაფიცებული აქვს, რომ აღარასოდეს შევა Mark&Spencer-ის მაღაზიაში, რადგან იქ ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც ამბობს, რომ თავს ქალად აღიქვამს, ქალების გასახდელში უშვებენ.

მათი ბრალდებები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დაეშინებინათ ბევრი ადამიანი, ინსტიტუტი თუ ორგანიზაცია, რომლებსაც ერთ დროს ვაღმერთებდით: „ტრანსფობებს დაგვიძახებენ!“, „იტყვიან, რომ მძულს ტრანსგენდერები!“. მე, როგორც ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის ადამიანი, გეტყვით, რომ ბევრ ძალაუფლების მქონეს მეტი გამბედაობა მართებს.

რატომ ვამბობ ამას? რატომ არ გავჩუმდები და არ მივხედავ ჩემს საქმეს?

რატომ მაწუხებს ტრანსგენდერების აქტივიზმი? ვფიქრობ, რომ ეს უნდა ითქვას და ამისათვის ხუთი მიზეზი არსებობს.

უპირველეს ყოვლისა, მე მაქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია შოტლანდიაში სოციალური დეპრივაციის შემსუბუქებაზე, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებში.

ჩემი ორგანიზაცია ეხმარება პატიმარ ქალებს და, ასევე, ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს. გარდა ამისა, ვაფინანსებ სამეცნიერო კვლევებს მრავლობითი სკლეროზის დარგში. ეს დაავადება სხვადასხვაგვარად იჩენს თავს ქალებსა და კაცებში. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ტრანსგენდერთა მიმდინარე აქტივიზმი გავლენას ახდენს (ან მოახდენს) იმ საფუძვლებზე, რომელსაც მე ვუჭერ მხარს, რადგან ეს აქტივიზმი ცდილობს, დაანგრიოს სქესის არსებული განსაზღვრება და ის გენდერით ჩაანაცვლოს.

მეორე მიზეზი ის არის, რომ მე ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ყოფილი მასწავლებელი ვარ. ეს ჩემი ინტერესის წყაროა განათლებისა და უფლებების დაცვის საკითხში. ისევე როგორც სხვებს, მეც ძალიან მაწუხებს ტრანსგენდერთა მოძრაობის გავლენა ამ ორ საკითხზე.

მესამე მიზეზი ის არის, რომ, როგორც აკრძალულ ავტორს, მაინტერესებს სიტყვის თავისუფლება და მე ის საჯაროდ დამიცავს, თვით დონალდ ტრამპისგანაც კი.

მეოთხე მიზეზი პირადი შინაარსისაა. მე მაწუხებს დიდი აფეთქება იმ ახალგაზრდა ქალებს შორის, რომელთაც სურთ ტრანზიცია, და ისიც, რომ გაიზარდა თავის ბიოლოგიურ სქესთან დაბრუნების მსურველთა მაჩვენებელი. ისინი ნანობენ, რომ სამუდამოდ შეიცვალეს სხეული და ამით დაკარგეს ნაყოფიერების უნარი. ზოგი ამბობს, რომ ტრანზიცია მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიხვდნენ, რომ მათ თავისივე სქესის ადამიანები იზიდავდათ და ეს გარკვეულწილად ოჯახის ან საზოგადოების მხრიდან ჰომოფობიით იყო გამოწვეული.

ბევრმა არ იცის - და არც მე ვიცოდი, სანამ კვლევა არ დავიწყე - 10 წლის წინ ტრანზიციის მსურველთა უმეტესობა მამაკაცი იყო. დღეს ეს თანაფარდობა შეცვლილია. დიდ ბრიტანეთში 4400%-იანი ზრდაა იმ გოგონებს შორის, რომლებიც ტრანზიციისათვის საჭირო მკურნალობას იტარებენ. მათ შორის მრავლად არიან აუტიზმის მქონე გოგონები.

მსგავს მოვლენასთან გვქონდა საქმე აშშ-შიც.

2018 წელს ამერიკელმა ექიმმა და მკვლევარმა, ლიზა ლიტმანმა ინტერვიუში თქვა:

“მშობლები აღწერდნენ ძალზე უჩვეულო სიტუაციას. ერთდროულად ბევრი მეგობარი ანდა მეგობართა ჯგუფი ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებოდა. ჩემგან დაუდევრობა იქნებოდა, რომ არ გამეთვალისწინებინა სოციალური „გადამდებლობისა“ და მათ თანატოლთა გავლენის პოტენციური ფაქტორები".

ლიტმანმა Tumblr-ზე, Reddit-ზე, Instagram-სა და Youtube-ზე ეს გენდერული დისფორიის ხელშემწყობ ფაქტორებად მოიყვანა.

ამ ნაშრომმა ფურორი მოახდინა. მას მიკერძოება და ტრანსგენდერებზე მცდარი ინფორმაციის გავრცელება დააბრალეს. დაიწყო კამპანია პირადად მისი და მისი ნაშრომის წინააღმდეგ და ჟურნალმა ის აღარ გამოაქვეყნა.

აქტივისტებს ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ, თუ გენდერული დისფორიის მქონე მოზარდს ტრანზიციის უფლება არ მიეცი, ის თავს მოიკლავს.

ფსიქიატრი მარკუს ევანსი სტატიაში, რომელშიც მოგვითხრობს, თუ რატომ გადაწყვიტა Tavistock-იდან წამოსვლა, წერს, რომ ჰიპოთეზა თინეიჯერების თვითმკვლელობის შესახებ არცერთ მონაცემს ან ამ საკითხთან დაკავშირებულ არცერთ კვლევას არ შეესაბამება. მისივე თქმით, თავის ფსიქოთერაპიის მრავალწლიან პრაქტიკაში მსგავს შემთხვევასთან არასოდეს ჰქონია საქმე.

ვკითხულობ ძალზე ჭკვიანი და სენსიტიური ახალგაზრდა ტრანსგენდერი კაცების ნაშრომებს. და რაც უფრო მეტს ვკითხულობ მათი გენდერული დისფორიის შესახებ, რომელიც მოიცავს შფოთვას, დისსოციაციას, კვებით აშლილობას, მიდრეკილებას თვითდაზიანებისა და თვითსიძულვილისაკენ, მით უფრო მეტს ვფიქრობ, რომ 30 წლით უფრო გვიან რომ დავბადებულიყავი, შეიძლება მეც მეცადა ტრანზიცია. ქალობისგან გაქცევის ცდუნება ძალიან დიდი იქნებოდა. თინეიჯერობის დროს აკვიატებული იდეებით ვიტანჯებოდი. მე რომ ონლაინ მეპოვა ის საზოგადოება და თანაგრძნობა, რომელსაც ჩემ ირგვლივ ვერ ვპოულობდი, შეიძლება ჩემი თავი ბიჭად გარდამექმნა, რადგან მამაჩემი პირდაპირ ამბობდა, რომ ერჩივნა, ვაჟი ჰყოლოდა.

როდესაც წავიკითხე თეორია გენდერული იდენტობის შესახებ, მომაგონდა, როგორ მაკლდა მაშინ სექსუალობის შეგრძნება.

მე არ მქონია კაცად ტრანსფორმაციის რეალური შესაძლებლობა 1980-იან წლებში. მხოლოდ წიგნებს და მუსიკას შეეძლოთ გამძღოლოდნენ მენტალური და სექსუალური განსჯების მიღმა, რის გამოც ბევრ მოზარდ გოგნას ომი აქვს გამოცხადებული საკუთარი სხეულისთვის. საბედნიეროდ, მე აღმოვაჩინე საკუთარი თავი განსხვავებულობაში და ამბივალენტობა ქალად ყოფაში, რომელიც ასახული იყო ქალი მწერლებისა და მუსიკოსების ნაწარმოებებში და რომლებმაც დამარწმუნა, რომ ნორმალური ამბავია, თუკი თავში ვარდისფერი, ყვავილებიანი და დამთმობი სურვილები არა გაქვს, ნორმალურია, იყო დაბნეული, მუქი, ერთდროულად სექსუალურიც და არასექსუალურიც და იმაში შეეჭვებული, თუ რა გინდა და ვინ ხარ.

მინდა, რომ ნათლად ვთქვა: ვიცი, რომ ტრანზიცია გამოსავალია გენდერული დისფორიის მქონეთა ნაწილისთვის. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ გენდერული დისფორიის მქონე მოზარდების 60-90% ამას ამარცხებს. გამუდმებით მეუბნებიან, ტრანსგენდერებს შეხვდიო. მე შევხვდი. ძალიან კარგი ახალგაზრდების გარდა, შევხვდი ტრანსგენდერ ქალს, ჩემზე უფროსა და ,ასევე, ძალიან კარგსა და გახსნილს. მიამბო, რომ იყო გეი კაცი და მე ის ვერაფრით წარმოვიდგინე, ქალის გარდა სხვა სქესისა. მე მჯერა, რომ ტრანზიციის შემდეგ ის ბედნიერია.

ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე მიზოგინიურ პერიოდში, რაც კი გამომიცდია. 1980-იან წლებში წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ჩემი მომავალი ქალიშვილები იცხოვრებდნენ იმაზე გაცილებით უკეთ, ვიდრე მე ვცხოვრობდი, მაგრამ ფემინიზმით გამოწვეული უკმაყოფილებისა და პორნოთი გაჯერებული კულტურის შეჯახების გამო მჯერა, რომ ქალებისთვის ყველაფერი გაუარესდა. არასოდეს მინახავს ამდენი ცილისწამება ქალებზე და მათი ასეთი დეჰუმანიზაცია, როგორიც ახლა ხდება. დაწყებული თავისუფალი სამყაროს ლიდერით, რომელსაც სექსუალურ შევიწროებებში ბრალდებათა დიდი ისტორია აქვს, გაგრძელებული იმ მოძრაობებით, რომლებიც გაცოფებულები არიან იმ ქალების გამო, რომლებმაც მათთან სექსი არ ისურვეს, გაგრძელებული ტრანსგენდერი აქტივისტებით, რომელთა აზრითაც TERF-ებს ხელახლა სჭირდებათ განათლება და დამთავრებული პოლიტიკურ სპექტრში არსებული კაცებით, რომელთა აზრითაც, ქალები შარს ეძებენ. ქალებს ყველგან ეუბნებიან, რომ მოკეტონ და დასხდნენ ან რამე სხვა საქმე მოძებნონ.

მე ყველა არგუმენტს გავეცანი იმ ქალების შესახებ, რომლებიც არ ცხოვრობენ საკუთარ ბიოლოგიურ სხეულში და ის, რომ ისინი და ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის ადამიანები სხვადასხვანი არიან, ჩემთვის ძალიან მიზოგინიური და რეგრესიული აზრია. ქალებმა უნდა მიიღონ და ამტკიცონ ის, რომ მათსა და ტრანსგენდერ ქალებს შორის არანაირი ხელშესახები განსხვავება არ არის.

ჩემამდეც ბევრ ქალს უთქვამს, რომ ქალი „კოსტიუმი“ არ არის. ქალი არ არის იდეა კაცის თავში, არ არის ვარდისფერი ტვინი. მეტიც, ინკლუზიური ენა, რომელიც ქალებს „მენსტრუატორებს“ და „ვაგინიანებს“ უწოდებს, ბევრი ქალის დეჰუმანიზაციას ახდენს.

მე მესმის, რატომ სურთ ტრანსგენდერ აქტივისტებს, რომ ენა იყოს შესაბამისი და კეთილი, მაგრამ ჩვენთვის, ვისაც მოძალადე კაცების მხრიდან შეურაცხმყოფელი ცილისწამება დაგვტყდომია თავს, ეს ენა ნეიტრალური არ არის. იგი მტრულად განწყობილი და უცხოა.

ტრანსგენდერების აქტივიზმის დღევანდელ სიტუაციასა და პრობლემებს მეხუთე მიზეზამდე მივყავარ.

20 წელია, რაც საჯარო ფიგურა ვარ, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ვარ გადარჩენილი. იმიტომ არა, რომ მრცხვენია იმისა, რაც დამემართა. იმიტომ, რომ ყოველივე ამის გახსენება ტრავმას მაყენებს. ასევე მსურს, რომ ჩემი ქალიშვილი დავიცვა. არ მინდოდა, ერთპიროვნულ საკუთრებად გამომეცხადებინა ეს ამბავი. თუმცა, ცოტა ხნის წინ ვკითხე, რას იტყვი, საჯაროდ და გულწრფელად რომ მოვყვე ჩემი ცხოვრების ამბავს-მეთქი. მან გამამხნევა და მითხრა, მოჰყევიო.

მე მოვახერხე, თავი დამეღწია ჩემი პირველი ძალადობით აღსავსე ქორწინებისგან. ამჟამად მყავს კარგი და პრინციპული ქმარი და ისე ვარ დაცული საფრთხისგან, ათას წელს რომ ვერ წარმოვიდგენდი.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსად არ გამქრალა ის ნაიარევები, რომლებიც ძალადობამ და სექსუალურმა შევიწროებამ დამიტოვა - არა აქვს მნიშვნელობა, ვის როგორ უყვარხარ ან რამდენი ფული გაქვს. ვიცი, ეს სასაცილოა, მაგრამ ღმერთს შევთხოვ, რომ ჩემს ქალიშვილებს არასოდეს ჰქონდეთ ჩემნაირი მიზეზები უეცარი ხმაურისა და უკან მდგომი ხალხის უეცრად აღმოჩენის სიძულვილისათვის.

თუ თქვენ ჩემს თავში შემოძვრებით და ნახავთ, რას ვგრძნობ, როდესაც ვკითხულობ, რომ ტრანსგენდერი ქალი მოძალადე კაცმა მოკლა, იქ სოლიდარობასა და სიკეთეს იპოვით. მე ინტუიციურად ვგრძნობ იმ შიშს, რომელსაც ზოგიერთი ტრანსგენდერი ქალი განიცდის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, რადგანაც მეც გამომიცდია ბრმა შიშის მომენტები, როცა გამიაზრებია, რომ მხოლოდ იმიტომ დავრჩი ცოცხალი, რომ თავდამსხმელი შეაკავეს.

მე მჯერა, რომ ტრანსგენდერებად იდენტიფიცირებული ადამიანების უმეტესობა არანაირ საფრთხეს არ უქმნის სხვებს და, პირიქით, ისინი მოწყვლადნი არიან ყველა იმ მიზეზის გამო, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ტრანსგენდერებს სჭირდებათ დაცვა და იმსახურებენ ამას, ისევე როგორც ქალები. ისინიც დგანან სექსუალური პარტნიორის მხრიდან მკვლელობის დიდი საფრთხის წინაშე. ტრანსგენდერები, განსაკუთრებით კი ფერადკანიანები, რომლებიც სექსმუშაკებად მუშაობენ, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან. ისევე, როგორც ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას გადარჩენილი ყველა სხვა ადამიანის მიმართ, არც კაცების მიერ დაჩაგრული ტრანსგენდერი ქალების მიმართ განვიცდი არაფერს, თანაგრძნობის და სოლიდარობის გარდა.

მინდა, რომ ტრანსგენდერი ქალები უსაფრთხოდ იყვნენ. ამავდროულად ისიც მინდა, რომ არც ბიოლოგიურად მდედრებს ემუქრებოდეთ საფრთხე. როდესაც შენ აბაზანისა და გასახდელი ოთახების კარებს უღებ ნებისმიერ მამაკაცს, რომელსაც სჯერა ან გრძნობს, რომ თვითონ ქალია, - და როგორც გითხარით, უკვე შესაძლებელია, რომ გაიცეს გენდერის დამადასტურებელი სერტიფიკატები ყოველგვარი ოპერაციის ან ჰორმონული ჩარევის გარეშე - შენ კარს უღებ ნებისმიერ კაცს, რომელიც შიგნით შემოსვლას მოიწადინებს. ეს ასეა.

შაბათ დილით წავიკითხე, რომ შოტლანდიის მთავრობა ადგენს გენდერის ცნობის საკამათო გეგმას, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერმა კაცმა, რომელსაც სჭირდება, რომ „გახდეს ქალი“, უბრალოდ უნდა თქვას, რომ ქალია. ამან გამომიწვია.

როდესაც სოციალურ მედიაში ტრანსგენდერი აქტივისტების უმოწყალო თავდასხმებისგან დაღლილი, Twitter-ზე მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ბავშვებთან წიგნის ილუსტრაციებზე მესაუბრა, მთელი შაბათი საკუთარ თავში არსებულ ბნელ ადგილას გავატარე, იქ, სადაც ის სექსუალური შევიწროებები მახსენდებოდა, რომლებიც 90-იანებში გამოვცადე. ეს მაშინ მოხდა, როცა მოწყვლადი ვიყავი და კაცმა ამით ისარგებლა. მე ვერ შევძელი ამ მოგონებების გათიშვა. გამიჭირდა ჩემი მთავრობის მოქმედებებისგან გამოწვეული გაბრაზებისა და იმედგაცრუების დამალვა. ისინი ქალებისა და გოგონების უსაფრთხოებას ეთამაშებიან.

შაბათს, ძილის წინ, ბავშვების ფოტოებს ვათვალიერებდი და დამავიწყდა Twitter-ის პირველი წესი - არასოდეს ელოდო ნიუანსებიან დიალოგს - და ვირეაგირე ქალების დამამცირებელ ენაზე. მე ვილაპარაკე სქესის არსებობის მნიშვნელობაზე და მას შემდეგ ამის საზღაურს ვიხდი: რა არ მიძახეს: ტრანსფობი, ძუკნა, TERF-ი. დამსახურებული მქონდა ცემა და სიკვდილი... „შენ ვოლდემორტი ხარ!“ - მითხრა ერთმა, რომელსაც, ეტყობა, ჰგონია, რომ სხვა ენა არ ვიცი.

ვიცი, ძალიან ბევრი ქალი დააშინეს ტრანსგენდერმა აქტივისტებმა. მიკავშირდებიან და მიყვებიან საკუთარ ისტორიებს. ეშინიათ, მათი პირადი ინფორმაცია საჯარო არ გახდეს, არ დაკარგონ სამსახური ან საცხოვრებელი, ან მათზე ვინმემ არ იძალადოს.

მე ქედს არ მოვუდრეკ მოძრაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ზიანს აყენებს ქალებს. მე გვერდით ვუდგავარ მამაც ქალებსა და კაცებს, გეებს, ჰეტეროსექსუალებსა და ტრანსგენდერებს, იმათ, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების - გეი ბავშვების, მერყევი მოზარდებისა და ქალების უფლებების დასაცავად, მათი, ვისაც სურს, შეინარჩუნოს თავიანთი სექსუალური სივრცე.

ერთი რამ მაძლევს იმედს: არიან ქალები, რომლებსაც შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა და ორგანიზება. და ასე აკეთებენ კიდეც. მათ გვერდით უდგანან წესიერი კაცები და ტრანსგენდერები. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, ჩაახშონ ყველაზე მაღალი ხმები ამ დებატებში, არ ითვალისწინებენ საფრთხეებს, რომლებიც მათ ემუქრება.

დიდ ბრიტანეთში ქალები ერთმანეთს პარტიული ხაზით უახლოვდებიან. არცერთ ქალს , რომელსაც ველაპარაკე, არ სძულს ტრანსგენდერები. ბევრი მათგანი დაინტერესდა ამ თემით და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა ტრანსგენდერების პრობლემებით. ისინი დიდი სიმპათიით არიან განწყობილნი მოზარდი ტრანსგენდერების მიმართ, რომლებსაც, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება სურთ, მაგრამ აწყდებიან წინააღმდეგობას იმ აქტივისტების მხრიდან, რომლებსაც მხარს არ უჭერენ. უდიდესი ირონიაა, რომ ქალების გაჩუმების მცდელობამ სიტყვა TERF-ით, შესაძლოა, უფრო მეტ ახალგაზრდა ქალს უბიძგა რადიკალური ფემინიზმისკენ, ვიდრე მოძრაობას უნახავს ათწლეულების განმავლობაში.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ იღბლიანი გამოვდექი, გადავრჩი და მსხვერპლი არა ვარ. საკუთარი წარსული იმისათვის გამოვიხმე, რომ ისევე, როგორც ყველა სხვას, მეც მაქვს ჩემი ისტორია, რომელმაც ჩამომიყალიბა შიშები, ინტერესები, აზრები... მე არასოდეს მავიწყდება ადამიანის შინაგანი სირთულე, როდესაც პერსონაჟს ვქმნი და არც მაშინ მავიწყდება, როდესაც საქმე ტრანსგენდერებს ეხება.

მე ვითხოვ ერთადერთს - თანაგრძნობას იმ მილიონობით ქალის მიმართ, რომლებსაც ერთადერთი ბრალი მიუძღვით - სურთ, რომ წარმოაჩინონ თავიანთი პრობლემები ისე, რომ ამისათვის მუქარა და ძალადობა არ მიიღო", - წერს როულინგი.

კომენტარები