არჩევნები 2020

ჯაფარიძე: არ გვინდა ხელი შევუშალოთ ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას საერთო კანდიდატებზე

გირჩი

რატომ არ აყენებს გირჩი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს და დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების კანიდატებს - ტაბულა ამ საკითხზე პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, ესაუბრა. 

მაჟორიტარი კანდიდატების არდაყენების გადაწყვეტილება ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ ამ საკითხზე კონსულტაციების მიმდინარეობის პარალელურად გააკეთა. 

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, საიდანაც მისივე თქმით, ჩანდა, რომ შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა თბილისის ოლქებთან მიმართებითაც კი. 

"მივხვდი, რომ ისეთი კონკურენცია იყო, შეიძლებოდა, შეთანხმება არ გამოსულიყო, ამიტომ, გამოვეცალე კონკრეტულად მე. ვთქვი, რომ პრეტენზია არ მექნება ამ 8 მაჟორიტარულ ოლქზე და ამით ვთვლი, რომ გაიზარდა შანსი, ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

რაც შეეხება რეგიონებს, ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე არსად ფიქრობენ მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებას, თუმცა თუ იქნება ოლქები, სადაც პარტიებს შორის შეთანხმება ვერ დგება და სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ თავიანთ კანდიდატებს, იქ, შესაძლოა, გირჩმაც დააყენოს. 

"მაჟორიტარი კანდიდატის ყოლა ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. კარგია, როდესაც ადგილზე შენი სახელით ადამიანს კამპანია აქვს და ამას პლუსები მეტი აქვს, ვიდრე მინუსები, უბრალოდ, არ გვინდა, რამენაირად ხელი შევუშალოთ ან რისკის ქვეშ დავაყენოთ ოპოზიციური პარტიების შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე", - ამბობს ჯაფარიძე. 

კითხვაზე, არსებობს, თუ არა იმის ალბათობა, რომ პარტიების მიერ შეთავაზების შემთხვევაში თბილისში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს გამორიცხულია და გადაწყვეტილება არ გადაიხედება. 

რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა ოპოზიციური პარტიების მიერ შეთანხმებულ საერთო კანდიდატებს გირჩი მხარს, ზურაბ ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ "კანდიდატს გააჩნია". მაგალითად ჯაფარიძეს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოჰყავს, რომელსაც მისივე თქმით, მხარს დაუჭერს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და მისი მოსაზრებები, შესაძლოა, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს სცდებოდეს. ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანთან და ერთერთი გამორჩეულად გულწრფელი ადამიანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და გულწრფელობა ისეთი თვისებაა, რაც დასაფასებელია ამ წუთას", - ამბობს გირჩის ლიდერი. 

ჯაფარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ როდესაც ოპოზიციურ კანდიდატებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა, მისი პოზიცია იყო შემდეგნაირი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოლქებზე შეთანხმება და ის, თუ რომელ პარტიას რომელი ან რამდენი ოლქი უნდა შეხვდეს არასაკმარისია. ჯაფარიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები შეირჩნენ, რომლებსაც აქვთ რესურსი, რომ მაქსიმალურად შეძლონ სხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლების ხმების მოპოვება. 

"არიან ადამიანები, რომლებსაც გირჩის ამომრჩევლები, უბრალოდ, არ დაუჭერენ მხარს. მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე სადაც არ უნდა დაუყენო გირჩის ამომრჩეველს, მას არცერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს. ისევე, როგორც ნინო ბურჯანაძეს", - ამბობს ჯაფარიძე. 

გირჩის ლიდერის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების მიხედვით, სადაც ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ჩანს, თუ სად ჰყავს გირჩს ყველაზე მეტი ამომრჩეველი - ეს ურბანული ცენტრებია. 

"შესაბამისად, უნდა ეცადო, რომ იქ ისეთი ადამიანები დააყენო, რომლის მიმართაც გირჩის ამომრჩეველს, მინიმუმ, ნეიტრალური განწყობა ექნება. ზოგადად, გირჩის ამომრჩეველიც ოპოზიციურადაა განწყობილი და ახლა თუ კანდიდატისგან განსაკუთრებული სიგიჟეები არ ახსოვთ, რაც მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის მხრიდან, წავლენ და დაუჭერენ მხარს", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

ჯაფარიძისვე თქმით, გარდა ამისა, გირჩი მაჟორიტარ კანდიდატებს მისცემს საშუალებას, რომ იმ საკითხებზე, რაც გირჩის ამომრჩეველს აინტერესებს, პოზიცია გამოხატონ. 

"შეიძლება, ყველა საკითხს არ დაუჭირონ მხარი და 5-დან 3-ს ან 2-ს ეთანხმებოდნენ, მაგრამ ჩემი ამომრჩეველი თუ დაინახავს, რომ ეს ადამიანები ამას გულწრფელად ამბობენ, მაშინ ჩვეულებრივად მოიპოვებენ ამ მხარდაჭერას, ჩემი თქმა აღარც დასჭირდებათ", - განმარტავს ჯაფარიძე. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული 8 მარტის ისტორიული შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც პარლამენტის 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი - მაჟორიტარული პრინციპით. 

ოპოზიციურ პარტიებს სურთ, რომ ამ 30 ოლქიდან საკვანძო ადგილებში შეთანხმებული კანდიდატები დააყენონ. საკითხთან დაკავშირებით თითქმის ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოხატა მოსაზრება. 

კომენტარები