სუს

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე ქაცარავა სუს-ში მოწმის სტატუსით გამოკითხეს

რეგინფო

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა მოწმის სტატუსით გამოკითხა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას სუს-ში დაუდასტურეს. 

როგორც ქაცარავამ გამოკითხვაზე შესვლის წინ მიცემულ კომენტარში ისაუბრა, მას უწყებიდან 2 ივნისს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ გამოკითხვაზე მისულიყო. 

"როდესაც ვიკითხე, რასთან დაკავშირებით, მითხრეს, რომ გარეჯთან დაკავშირებით. მეტი დეტალი ჩემთვის უცნობი იყო, არ მითხრეს. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ თურმე, ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებით უნდა დავიკითხო", - თქვა ქაცარავამ. 

ქაცარავა თვლის, რომ მისი სუს-ში დაბარებით ხელისუფლება მის შეშინებას ცდილობს. 

"იყო მუქარები იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით, იყო მუქარები ოჯახთან დაკავშირებით. ეს ჩემი დაშინების მცდელობაა", - ამბობს ქაცარავა. 

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუს-მა გამოძიება 30 მაისს დაიწყო. უწყების ცნობით, ქვემო ქართლსა და კახეთში პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. 

"აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

კერძოდ, აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით", - წერია განცხადებაში.

კომენტარები