საქართველოს საპატრიარქო

ჯაღმაიძე ანტიდასავლურ განცხადებაზე: მეუფე ანტონმა ამოტივტივებული რეალობა წარმოაჩინა

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ანტიდასავლური განცხადებები საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამო გააკეთა, რომლებიც "ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან, მაგრამ ევროპულ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ".

დეკანოზ ანდრიას მტკიცებით, ანტიდასავლური განწყობებს არა მიტროპოლიტ ანტონი, არამედ სწორედ არასამთავრობოები და ის ადამიანები გააღვივებენ, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ და ამასთან, ეკლესიის ფეხქვეშ გათელვას აგრძელებენ. მისი თქმით, მეუფე ანტონმა სწორედ ამის გამო გამოთქვა გულისტკივილი.

"რატომ განაცხადა მეუფე ანტონმა, რაც განაცხადა, ეს კითხვა უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ ექცევიან ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს და, ამავდროულად, ამას აკეთებენ ევროპული ფასეულობების ქადაგების ფონზე და მოსახლეობაში ჩნდება პროტესტი, რომ თუ ეს არის ევროპა, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოში დღედაღამ ეკლესია უნდა ლანძღონ და უსამართლოდ უდნა გათელონ 20-საუკუნოვანი ინსტიტუტი საქართველოში, რომელთან დაკავშირებულია ჩვენი იდენტობის ყველა ნაწილი - ისტორია, კულტურაც, მწერლობაც, სიმღერაც, გალობაც, ყველაფერი. ასე, უბოდიშოდ, ფეხქვეშ გათელვა ნებისმიერ დონეზე სწორედ იმ ხალხისგან მომდინარეობს, რომლებიც გრანტებს იღებენ ევროპული ფონდებიდან. ჩვენ გვგონია, რომ ევროპა სხვა რამე.

შესაბამისად, [ანტიდასავლური განწყობების გაღვივების კუთხით] საშიში იმიტომ არის, რომ ეს შეიძლება გავრცელდეს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ილაპარაკოს ამაზე იმის გამო კი არა, რომ მეუფე ანტონმა ილაპარაკა, არამედ, თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის და ტრადიციების წინააღმდეგ ამგვარ დამოკიდებულებას. სწორედ ეს გამოიწვევს საშიშროებას და არა ის, რომ მეუფე ანტონმა იქადაგა. მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა და საშიში ის არის, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ ეკლესიის ფეხქვეშ თელვას, ამას მიიღებენ", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში.

მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ, მათ შორის, ანდრეას კუბილიუსსაც. ჯაღმაიძის თქმით, ევროპარლამენტარებს სწორედ ამის შესახებ ესაუბრნენ.

"წლების განმავლობაში ნიაღვარი ეკლესიაზე მოტანილი შეტევები, არასწორი და ცილისმწამებლური კამპანიისა, ეკლესიის რეიტინგზე რომ არ მოქმედებს, ამან უნდა დააფიქროს ეს ჯგუფი. ხალხი ხედავს ეკლესიის დამოკიდებულებას, ხალხი ხედავს იმ ტყუილს, რაც მათგან ისმის.

ბრიუსელში სწორედ ამის თქმის საშუალება მომეცა. ბატონ კუბილიუსს სწორედ ეს ვუთხარი", - თქვა მან.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები ამბიონიდან გააკეთა.

"თვალი ხო არ გავახილოთ, თუ ეს არის ევროპის ფასეულობა - ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა.

მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხო არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა", - თქვა მან.

კომენტარები