სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ეკლესიიდან გამოსული კომენტარს რომ არ ვაკეთებ დღემდე არ იცით?

სალომე ზურაბიშვილი სიონის ტაძარში წირვას დაესწრო. ეკლესიის დატოვების შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, არგუმენტად კი თქვა, რომ ტაძრიდან გამოსული კომენტარებს არ აკეთებს.

"ეკლესიიდან გამოსული კომენტარს რომ არ ვაკეთებ დღემდე არ იცით?", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ტვ პირველის კითხვას, თუ რა რეაქცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს შეწყალების შესახებ გაიგო.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან წამოსული წნეხის ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ორივე მათგანს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ და დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ მათ გათავისუფლებას 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. 

შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე ქართულ ოცნებაში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც თქვეს, რომ პრეზიდენტთან ამ საკითხის შესახებ კომუნიკაცია არ ჰქონიათ და გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

თუმცა, 19 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეწყალებამდე მან ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები