სწრაფი ტესტები

ჯანდაცვის სამინისტრო: ანტისხეულების 30 000 სწრაფი ტესტი ვიყიდეთ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ანტისხეულების 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინეს.

მათივე ინფორმაციით, ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა.

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, კომპანიის წარმომადგენლის ვაკლი ბიჯარის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. მისივე თქმით, ტესტებს ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ წერია, თუ კონკრეტულ რომელ კომპანიაზე და რა სახის ტესტებზეა საუბარი.

საქართველოში კორონავირუსის დასადგენად ძირითადად PCR ტესტებს იყენებენ. რაც შეეხება სხვადასხვა სახის სწრაფ ტესტებს, ხელისუფლებას რამდენჯერმე მოუწია, რომ შეეწყვიტა ხელშეკრულება მყიდველთან ტესტების ხარისხთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო.

მაგალითად, მიმდინარე წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. საქართველო ამ კომპანიისგან 215 000 ტესტის ყიდვას აპირებდა.

საგამოძიებო პლატფორმის "ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტისა" (OCCRP) და ჰოლანდიური საგამოძიებო გამოცემის Investico-ს ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით კი, ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ის მიერ გაყიდული ახალი კორონავირუსის ტესტები, სახელწოდებით Biozek სინამდვილეში არა ჰოლანდიური, არამედ ჩინური წარმოებისაა.

Inzek International Trading-ისგან საქართეთველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 930 000 ლარის ღირებულების Biozek-ის ტესტები შეიძინა.

კომენტარები