სწრაფი ტესტები

გამყრელიძე "ჰოლანდიურ" ჩინურ ტესტებზე: დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ შეგვიფასებია

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ "ჰოლანდიური" ჩინური ტესტები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა შეეძინა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ შეუფასებიათ.

სანამ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ტესტების შესაძენად ხელშეკრულებას გააფორმებდა, ორი კვირით ადრე, 15 აპრილს TBC ბანკმა საქართველოს მთავრობას Biozek-ის ტესტები აჩუქა. OC-Media-ს ცნობით კი, ჯანდაცვის სამინისტრომ მიერ შესყიდვების დოკუმენტის დანართში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური წერს, რომ ტესტები, რომლებიც სახელმწიფო TBC-ის აჩუქა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დადებითად შეაფასა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სწრაფი ტესტები ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის არ გამოიყენება და მისი მიდგომა კვლავ უცვლელია, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის ტესტები უნდა იყოს - ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები; ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტები; და PCR-ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტები, იგივე "ოქროს სტანდარტი". 

"ისინი არიან დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენებიან ე.წ. მასობრივი კვლევების დროს, რადგან მათი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ტიპის ტესტების. ამიტომ, მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. ნებისმიერი ამ სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი საჭიროებს გადამოწმებას და დადასტურებას PCR ტექნოლოგიით.  

ხაზს ვუსვამ, დღეს სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებული. დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება მხოლოდ PCR, ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიები, პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული ტესტები. ამიტომ, ეს ტესტი იქნება იმ კომპანიის თუ სხვა კომპანიის, რადგან ამ დაავადების განვითარების ისტორია არის 4 თვე, ჯერჯერობით მათი სპეციფიკურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი. არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის საგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ სწრაფი ტესტები გამოიყენონ დიაგნოსტიკური მიზნით", - თქვა გამყრელიძემ.   

OCCRP-ისა და Investico-ს მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სახელით Biozek ბრენდირებული ტესტები სინამდვილეში ჩინური კომპანიის მიერაა წარმოებული, რომლის ორიგინალი სახელიც Alltest-ია. Inzek International Trading-ის დამფუძნებელმა, ზეკი ჰამიდმა, OCCRP-ისთან საუბარში აღიარა, რომ ტესტები სინამდვილეში ჩინეთშია დამზადებული. მან ასევე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ტესტებს აწარმოებს, "პროფესიონალური მწარმოებელია და მათ ოფიციალური სერტიფიკატებიც აქვთ". 

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პროდუქტების იმპორტიორ კომპანია Solemart-თან 24 აპრილს გააფორმა, კომპანიას 30 000 ტესტი სამინისტროსთვის არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა. სწრაფი ტესტების ღირებულება 930 000 ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა სამინისტროს ჩაბარებიდან და პროდუქტის შემოწმებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში უნდა დაეფარა.  

მოგვიანებით კომპანია Solemart-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ზურაბ ტუკვაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას "ჰოლანდიური" ტესტები უნდა შეეძინა, მისი მხრიდან დაგვიანების გამო შეწყვეტილია.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები