სწრაფი ტესტები

ენმ მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. 

"გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოების ინტერესი - მოვიპოვოთ სარწმუნო, შეღავათიანი და სწრაფი ტესტი რაც შეიძლება სწრაფად,  ბიძინა ივანიშვილის კარზე ახალი დაპირისპირების დასაწყისი გახდა. სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ ეს კონტრაქტები ჩაიგდონ ხელში. მოვითხოვთ მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს ტესტების შეძენის თაობაზე," - თქვა სამადაშვილმა.

დღეს, 27 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს.

რაც შეეხება ტესტებს, რომლებიც მარნეულში იქნა გამოყენებული, ტიკარაძის თქმით, ისინი PCR ტექნოლოგიაზე დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელიც სხვა კომპანიის მიერ არის დამზადებული.

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის მიერ დამზადებული ტესტები ესპანეთში გამოიყენეს. დასავლური მედიის ნაწილში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტესტების სანდოობა მხოლოდ 30%-ია, რის გამოც ესპანეთმა პრუდქცია უკან დააბრუნა.

23 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთიდან სწრაფი ტესტები საქართველოში 4 ეტაპად გადმოიგზავნებოდა. მათი მიღება აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1000 ცალი, რომელიც საქართველოს საჩუქრის სახით გადმოეცა, 25 მარტს შემოვიდა.

კომენტარები