სწრაფი ტესტები

ტიკარაძე "ჰოლანდიურ" ჩინურ ტესტებზე: გასაკვირი მოვლენა არაა, მთელი მსოფლიოსთვისაც გამოწვევაა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "ჰოლანდიური" ჩინური ტესტები ჯანდაცვის სამინისტროს არ შეუძენია და სანამ ეს ყველაფერი გასაჯაროვდებოდა და გახდებოდა პრესისთვის ცნობილი, კონტრაქტი რამდენიმე დღით ადრე, სხვა პირობების დარღვევის გამო გაუქმდა. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტესტები მთელი მსოფლიოსთვისაც გამოწვევაა. 

"მხოლოდ საქართველო არ ყიდულობს ტესტებს, რომლებიც არის დარეგისტრირებული სათაო ოფისში სხვა ქვეყანაში, მაგრამ მწარმოებელი არის ჩინეთი. არა მხოლოდ ტესტების მხრივ, არამედ სხვა დანადგარებისა თუ ინსტრუმენტების კუთხითაც, ხშირია შემთხვევები, როდესაც სათაო ოფისი არის ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკის კონტინენტზე, ხოლო მწარმოებელი ქვეყანა არის ჩინეთი. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი მოვლენა" , - ამბობს ტიკარაძე. 

მისივე თქმით, როდესაც მსგავსი გამოწვევა სხვა ქვეყნებშიც დგას, მათი მოქალაქეები შეგნებით ეკიდებიან და "ჩვენი მხრიდან განხორციელებული ეს ღონისძიებები ასევე საჭიროებს არა კრიტიკას, არამედ პირიქით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენთვის მნშვნელოვანია, როგორც ხარისხი, ასევე ყველა პროდუქტის ვადებში მიწოდება". 

აღნიშნულ ტესტებზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში არ შეუფასებიათ. მისივე თქმით, სწრაფი ტესტები ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის არ გამოიყენება და მისი მიდგომა კვლავ უცვლელია, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის ტესტები უნდა იყოს - ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები; ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტები; და PCR-ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტები, იგივე "ოქროს სტანდარტი". 

OCCRP-ისა და Investico-ს მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სახელით Biozek ბრენდირებული ტესტები სინამდვილეში ჩინური კომპანიის მიერაა წარმოებული, რომლის ორიგინალი სახელიც Alltest-ია. Inzek International Trading-ის დამფუძნებელმა, ზეკი ჰამიდმა, OCCRP-ისთან საუბარში აღიარა, რომ ტესტები სინამდვილეში ჩინეთშია დამზადებული. მან ასევე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ტესტებს აწარმოებს, "პროფესიონალური მწარმოებელია და მათ ოფიციალური სერტიფიკატებიც აქვთ". 

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პროდუქტების იმპორტიორ კომპანია Solemart-თან 24 აპრილს გააფორმა, კომპანიას 30 000 ტესტი სამინისტროსთვის არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა. სწრაფი ტესტების ღირებულება 930 000 ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა სამინისტროს ჩაბარებიდან და პროდუქტის შემოწმებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში უნდა დაეფარა.  

მოგვიანებით კომპანია Solemart-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ზურაბ ტუკვაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას "ჰოლანდიური" ტესტები უნდა შეეძინა, მისი მხრიდან დაგვიანების გამო შეწყვეტილია.

სრულად წაიკითხეთ აქ

კომენტარები