სწრაფი ტესტები

SOLEMART-ის ცნობით, მიწოდების დაგვიანების გამო ჯანდაცვა "ჰოლანდიურ" ჩინურ ტესტებს აღარ იყიდის

Biozek

კომპანია Solemart-ის დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ტუკვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას "ჰოლანდიური" ტესტები უნდა შეეძინა, მისი მხრიდან დაგვიანების გამო შეწყვეტილია.

ტუკვაძის კომპანიას ტესტები ჰოლანდიური კომპანიისგან Inzek Intarnational Trading-ისგან უნდა შეეძინა. საგამოძიებო პლატფორმის "ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტისა" (OCCRP) და ჰოლანდიური საგამოძიებო გამოცემის Investico-ს ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით კი, ამ კომპანიის მიერ გაყიდული ახალი კორონავირუსის ტესტები, სახელწოდებით Biozek სინამდვილეში არა ჰოლანდიური, არამედ ჩინური წარმოებისაა.

"ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს კონტრაქტი გაწყდა პარასკევს, 8 მაისს, იმიტომ, რომ ტესტების მიწოდებას ვაგვიანებ, ტესტები ჩამოდის ხვალ და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ტესტები მიწოდებული ყოფილიყო იმ ვადაში, რაშიც გამიფორმეს ხელშეკრულება. ტესტების მიწოდების პირობა დაირღვა ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამიწყვიტა ხელშეკრულება", - ამბობს ტუკვაძე TV პირველისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში. 

მისივე თქმით, ტესტების ის ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადასცემოდა, ჰოლანდიაში დაბრუნდება, ხოლო კერძო სექტორისთვის შესყიდული ტესტები კვლავ გაიყიდება. 

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია სამედიცინო პროდუქტების იმპორტიორ კომპანია Solemart-თან 24 აპრილს გააუქმა, კომპანიას 30 000 ტესტი სამინისტროს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა. 

სწრაფი ტესტების ღირებულება 930 000 ლარია, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა სამინისტროს ჩაბარებიდან და პროდუქტის შემოწმებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში უნდა დაეფარა. 

OCCRP-ისა და Investico-ს მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სახელით Biozek ბრენდირებული ტესტები სინამდვილეში ჩინური კომპანიის მიერაა წარმოებული, რომლის ორიგინალი სახელიც Alltest-ია. Inzek International Trading-ის დამფუძნებელმა, ზეკი ჰამიდმა, OCCRP-ისთან საუბარში აღიარა, რომ ტესტები სინამდვილეში ჩინეთშია დამზადებული და ასევე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ტესტებს აწარმოებს, "პროფესიონალური მწარმოებელია და მათ ოფიციალური სერტიფიკატებიც აქვთ". 

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები