არჩევნები 2020

უგულავა: რურუას გამოშვებამდე ოპოზიცია იმოქმედებს, როგორც ჩემ გათავისუფლებამდე მოქმედებდა

ტაბულა

გიგი უგულავა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის კონსულტაციებს ესწრება.

"ჩემი პირველი და მოკრძალებული ამოცანა დღეს არის ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისთვის გამარჯობის და მადლობის თქმა. მე მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა, იმიტომ რომ ამ ერთსულოვნებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესის ჩიხიდან გამოსვლისათვის",- უთხრა მან ჟურნალისტებს კონსულტაციების დაწყებამდე.

უგულავა, რომელიც ციხიდან 15 მაისს გამოვიდა, ამბობს, რომ პრობლემა ამოწურული არ არის და პრობლემად დარჩება გიორგი რურუას გათავისუფლებამდე, ვინაიდან სხვაგვარად 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

"შესაბამისად, ოპოზიცია იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც მოქმედებდა პარასკევ დღემდე, ჩემი და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებამდე. იმიტომ, რომ არ არსებობს სანახევრო შეთანხმებები, არსებობს შეთანხმებები, რომლებიც უნდა იყოს დაცული, იმისათვის, რომ დროზე გავიდეთ იმ ჩიხიდან, რაშიც ქართულმა ოცნებამ ქვეყანა შეიყვანა. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან შერცხვენა კი არა, თანამშრომლობა გვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ", - თქვა მან.

უგულავამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რასაც ოპოზიცია რამდენიმე კვირაა, აცხადებს - თუ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, ამ შემთხვევაში, გიორგი რურუა, ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს არ დაუჭერს.

"გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება არ არის ძალაში.

შეთანხმების სრულად შესრულება ნიშნავს რას - პრევენციას, რომ ივანიშვილმა არ ჩაატაროს იმაზე უარესი არჩევნები, რაც [საპრეზიდენტო არჩევნების] მეორე ტურში ჩაიდინა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, [რურუა] რა შუაშია, დარჩეს ციხეში - არა, თუ ამას დავთმობთ, მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე. [ივანიშვილს] ასეთი ენა ესმის - გამივიდა? გავალ თავს. ამიტომ, ეს არის პრევენცია მშვიდობისთვის, პრევენცია განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის", - თქვა მან.

ოპოზიციის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს პოლიტპატიმრები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის აუცილებლად მიიჩნევა გიორგი რურუას გათავისუფლებასაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები 13 მაისს განახლდა.

კომენტარები