სალომე ზურაბიშვილი

ადმინისტრაცია: რომის პაპმა სალომე ზურაბიშვილს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს ესაუბრა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას.

"საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა დღეს კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრისას," - წერია განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, საქართველოს პრეზიდენტი პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. პონტიფექსმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა. 
 
"რომის პაპი 14 მაისს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

კომენტარები