კორონავირუსი რუსეთში

რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით იტალიას და დიდ ბრიტანეთს გადაასწრო

Reuters

რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 11 656 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 221 344-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით რუსეთმა იტალიას (219 070) და დიდ ბრიტანეთს (219 183) გადაასწრო და აშშ-ის (1 367 963) და ესპანეთის (264 663) შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

დაავადების და გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი მოსკოვში მოხდა. დედაქალაქში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი 6 169 ადამიანს დაუდასტურდა. სულ გამოვლენილია ინფიცირების 115 909 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 94 ადამიანი დაიღუპა. სულ დაღუპულთა რიცხვმა 2 009-ს მიაღწია.

რუსეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დაავადების შემთხვევების რეკორდული ზრდა ტესტირების პროგრამას უკავშირდება. მათი თქმით უკვე ჩაატარეს 5 მილიონზე მეტი ტესტი.

11 მაისს ვლადიმირ პუტინი მთავრობასთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში კარანტინი და რა შეზღუდვები შემსუბუქდება.

კომენტარები