ტურიზმი

გახარია: უსაფრთხო დერეფნებზე ინტერესი ისრაელმა, ავსტრიამ და მეზობელმა ქვეყნებმა გამოთქვეს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში ტურისტების შემოყვანის საკითხზე საელჩოები სხვადასხვა სახელმწიფოს ესაუბრებიან. მისივე თქმით, უსაფრთხო დერეფნებზე ინტერესი ავსტრიამ, ისრაელმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა გამოთქვეს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ისაუბრა.

"გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის რისკი არის და გახსნის ეს გრაფიკი, რომელიც თარიღების მიხედვით გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულად ვმართავთ. ერთ თვეზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ. გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. 

ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტები და წესები იქნება დასაცავი. უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან დიდი ხანია, არსებობს ინტერესი და გვინდა, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ", - თქვა გახარიამ 

გუშინ, 7 მაისს, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელ ტურისტებს მიიღებს.  

"ამას გავაკეთებთ ჩვენ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შეკვრით ჩვენს მეზობლებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხირივ მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან", - თქვა გახარიამ.

კომენტარები