საქართველო-უკრაინა

ზალკალიანი: უკრაინასთან შეიქმნა პრობლემები, ელჩი კონსულტაციებისთვის გამოვიძახეთ

მარშალპრესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში "გარკვეული პრობლემები" შექმნა. დავით ზალკალიანმა TV იმედის ეთერში აღნიშნა, რომ სწორედ შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს ელჩი.

"სტრატეგიული პარტნიორობის მხრიდან, სასამართლოს სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს. ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება და ელჩი კონსულტაციებზე გამოვიძახეთ. ეს არის დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობაში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად, საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.

მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო უკრაინამ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან ეს არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და ჩვენს საერთო სწრაფვას.

ამიტომ, ელჩი ჩამოვა, განვიხილავთ დეტალურად თუ რიგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დავუბრუნოთ ჩვენი ურთიერთობები იმ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატებს, რომელიც გვქონდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება უკრაინაში" - ამბობს ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ უკრაინელ კოლეგას ესაუბრა მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვქონდა ძალიან საგნობრივი და შინაარსიანი საუბარი" - ამბობს ზალკალიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, რადაში განხილვის დროს, დეპუტატებს "ძალიან სკეპტიკური" შეფასება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

"ეს მიანიშნებს, რომ უკრაინის მმართველ პარტიაში არის საღი ძალა, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის ამ მაღალ პოზიციაზე დანიშვნას. შესაბამისად, შეთავაზებული თანამდებობის დონე, რომელიც მან მიიღო, მიანიშნებს სწორედ იმ სკეპტიციზმე და უკრაინაშიც ფიქრობენ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებაზე" - ამბობს დავით ზალკალიანი. 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ ქართული მხარის მიერ უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებას შეცდომად მიიჩნევს.

კომენტარები