აშშ-ჩინეთი

აშშ-ის სენატორებს სურთ ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ლი ვენლიანგის სახელი დაარქვან

ამერიკელი სენატორები გამოდიან ინიციატივით, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას გარდაცვლილი ჩინელი ექიმის, ლი ვენლიანგის, სახელი ეწოდოს.

"ვუხანის განგაშის ამტეხილი ვენლიანგი ერთერთია იმ ექიმთაგან, რომელთაც დეკემბერში სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია ვუხანში ახალი კორნავირუსის შესახებ.

ჩინელი მაღალჩინოსნები მას ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ, აფრთხილებდნენ, რომ ყალბი ამბების გავრცელება შეეწყვიტა და ემუქრებოდნენ. ლი ვენლიანგი თავადაც კორონავირუსით დაავადდა და თებერვალში გარდაიცვალა. 

მისი ამბავი კომუნისტურ ჩინეთშიც გავრცელდა და მთავრობის მიმართ საზოგადოების ბრაზი მოჰყვა. ამ ფონზე პოლიციამ ბოდიში მოიხადა.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ლი ვენლიანგი არ იქნება დავიწყებული - მისი სახელის სამუდამოდ განთავსებით იმ ქვეყნის საელჩოსთან, რომელიც იმ გარდაცვალებებზეა პასუხისმგებელი, რომელთა თავიდან აცილებას ექიმი ლი ცდილობდა," - განაცხადა ჩინეთის საკითხზე ხისტი პოზიციის მქონე რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონმა

ინიციატივა სენატორებმა უკვე წარუდგინეს კონგრესის ორივე პალატას. 

სენატორ მარკო რუბიოს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით პატივს მიაგებენ ლი ვენლიანგს, "რომელმაც მსოფლიო Covid-19-ის შესახებ გააფრთხილა მანამ, სანამ მას ჩინეთის კომუნისტური პარტია გააჩუმებდა".

[social_embed=https://twitter.com/SenRubioPress/status/1258446407549300745?s=20]

კონგრესმენებს 2014 წელს ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩისთვის ცნობილი ჩინელი მწერლის, ნობელის ლაურიატის, ლიუ სიაოპოს, სახელი დარქმევა სურდათ. ე.წ. ჩინეთის ნელსონ მანდელა დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდა და ჩინეთში კომუნისტური ერთპარტიული მმართველობის დასრულება სურდა. 2009 წელს მას ამისთვის  11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ლიუ სიაოპო 2017 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

ჩინეთმა სენატორების შეთავაზება დაგმო და 2014 წელს, ობამას ადმინისტრაციის დროს, სენატორების ინიციატივა ჩავარდა.

მას შემდეგ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა - ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სენატორების მსგავსი სიმბოლური აქტები მხოლოდ ჩინეთს არ ეხება. 2018 წელს კოლუმბიის ოლქის საბჭოს გადაწყვეტილებით ქუჩას, რომელიც ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პირდაპირ მდებარეობს, მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

6 მაისს ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-პარბორზე შეტევები.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში 270 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით დაავადება თითქმის 4 მლნ ადამიანს დაუდასტურდა. 1 350 942 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

--------------------

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე, რომელიც ე.წ. ვუხანის სველი ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ის დაზვერვის მიხედვით, მეცნიერული კონსესუსია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" იძიებს ახალი კორონავირუსის ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირს. 

1-ელ მაისს პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო, რაზეც მან უპასუხა - "კი, ნანახი მაქვს".

კომენტარები