არჩევნები 2020

TI: საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს

ცესკო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაიწყოს მუშაობა, რათა საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

ორგანიზაცია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ არჩევნები დაახლოებით 6 თვეში უნდა ჩატარდეს და ჯერაც გაურკვეველია, რა სისტემით გაიმართება ის, რა ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში.

TI-ის შეფასებით, სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლა გაგრძელდება და არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება.

შესაბამისად, ორგანიზაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

"მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ოქტომბერში პანდემიის მასშტაბები და მისგან მომავალი საფრთხე მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული, დიდი ალბათობით გარკვეული შეზღუდვები კვლავაც შეიძლება დარჩეს. საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, ხმის მიცემის ბევრი ალტერნატიული მეთოდი ვერ იმუშავებს, ვინაიდან მას არ ექნება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია:

ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად;

შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება;

საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც.

შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ და სხვა ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც თუ ვერ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს", - წერია TI-ის განცხადებაში.

კომენტარები