ძალადობა

პროკურატურა: პირს, რომელმაც ქალზე სექსუალურად იძალა და გაძარცვა, 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, პირს, რომელსაც ბრალად ძალადობა, ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება და ძარცვა ედებოდა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს, რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, ქურდობისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა შ.ღ.-მ ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით ლ.ტ.-სთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა შ.ღ. 2019 წლის 12 სექტემბერს რუსთავში დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ძალადობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ შ.ღ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები