კორონავირუსი რუსეთში

Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად, პუტინი ირწმუნება, რომ სიტუაციას აკონტროლებენ

ვლადიმირ პუტინი

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ყოველდღიური ზრდის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ხელისუფლება სიტუაციას სრულად აკონტროლებს და "ღმერთის დახმარებით" ყველაფერი იმუშავებს.

"ხელისუფლების ყველა დონეზე ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დროული მუშაობა მიდის. სიტუაცია სრულად კონტროლის ქვეშაა. მთელი ჩვენი საზოგადოება ერთი საფრთხის წინააღმდეგ არის გაერთიანებული." თქვა პუტინმა შეღებილი კვერცხების და ჩაის ფონზე.

პუტინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომა მიულოცა და თქვა, რომ რელიგიური დღესასწაული რუსეთის რწმენას და იმედს გააძლიერებს, რადგან ქრისტეს აღდგომა ძლიერი სიმბოლოა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში ინფიცირების 6,060 შემთხვევა დადასტურდა.

პუტინმა თქვა, რომ ქვეყანას რესურსები აქვს იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკონომიკა, თუმცა, პარალელურად, რუსეთში სამედიცინო ინვენტარის ნაკლებობას განიცდიან და მისი შეძენა აშშ-საგან სურთ, მათ შორის არის სასუნთქი აპარატები.

ბოლო მონაცემებით რუსეთში ვირუსი სულ 42,853 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 361, გამოჯანმრთელდა 3,291. ჯერძო კომპანიების მიერ ჩატარებულ ტესტებზე დაყრდნობით ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში ოფიციალურ მონაცემებზე უფრო მაღალია.

ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქ მოსკოვშია გამოვლენილი. 13 მარტს მოსკოვში ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა, სადაც მიმდინარე კვირაში უნდა გააქტიურდეს მოქალაქეებისათვის კარანტინის დროს გადაადგილების ნებართვის სისტემა, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე თავდასხმა ჰაკერებმა მოაწყვეს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" შესახებ გასულ თვეს გამოაცხადა, რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ.

გარდა ამისა, რუსეთი ქვეყანაში შემოღებული კარანტინის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს.

გასულ კვირას პუტინმა მინისტრებს მიმართა და თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების "ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ" კორონავირუსთან ბრძოლაში.

ამავდროულად, რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე.

კომენტარები