ახალი კორონავირუსი საქართველოში

წულუკიანი: თუ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, ამის აკრძალვაც მოგვიწევს

საქართველოს მთავრობა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მანქანების მოძრაობის აკრძალვის შემდეგ ფეხით მოსიარულე "ზღვა ხალხი მივიღეთ", ესეც აიკრძალება.

პირველი არხის ეთერში წულუკიანმა თქვა, რომ საჭიროებებს მოქალაქეების ქცევა განაპირობებს.

„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან.

თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული.

მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს", - თქვა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. 17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და ზომებისა, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მოტივით, უფროდაუფრო მკაცრდება და ადამიანების გადაადგილება იზღუდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტაძრებში წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად აღავლენს. ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრებიან. ძალაში რჩება ერთი კოვზით ზიარებაც.

ახალი კორონავირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიაც გამოცხადდა, ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის.

კომენტარები