კორონავირუსი და ეკლესია

ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ აღდგომის ღამეს წირვა ონლაინ რეჟიმში აღევლინოს

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგომის დღესასწაულზე წირვა ონლაინ რეჟიმში აღევლინოს.

მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ხელისუფლებამ და ეკლესიამ თქვეს, რომ წირვას მოქალაქეები დაესწრებიან.

ტიკარაძე ამბობს, რომ ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა აქვთ:

"ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ წირვა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდეს და მრევლი ეკლესიაში არ მივიდეს," - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ეკლესიებში წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში აღავლენენ. ზიარების წესიც უცვლელია - მრევლი ერთი კოვზით ეზიარება.

15 აპრილს, მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ აღდგომის დღესასწაულს დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა კვლავ ძალაშია. გადაწყვეტილების მიხედვით, დროის ამ შუალედში მრევლი ეკლესიაში დარჩება.

კომენტარები