კორონავირუსი და ეკლესია

ენდელაძე: ვისთვისაც წირვაზე დასწრება აუცილებელი სულიერი წყაროა, დაიცვას რეკომენდაციები

იმედი

"მე ვერავის ვეტყვი, ეკლესიაში არ წავიდეს, მაგრამ რისკჯგუფის მქონე პირებმა ქრონიკული დაავადებებით, ასაკოვნებმა, სჯობს თავი შევიკავოთ," - თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "ქრონიკას" ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ მათ, ვისთვისაც სააღდგომო წირვაზე დასწრება "სულიერი წყაროა" და უამისოდ სახლში ვერ რჩება, რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

"ლოცვა ყველგან შეიძლება. უფალი მოწყალეა და ჩვენ ამას გაგვიგებს. ვინც წავა, ვისთვისაც ეს აუცილებელი სულიერი წყაროა და ვერ შეძლებს უამისოდ სახლში დარჩენას, აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია და ჩვენი ეკლესიაც მოგვიწოდებს. ეს არის ძალიან ვერაგი ვირუსი და შეუძლებელია იმის თქმა, ვისი მდგომარეობა როგორ დამძიმდება, ვერ ვიტყვით რომ ახალგაზრდებში შეიძლება არ დამძიმდეს," - თქვა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე და მომდევნო კვირა შედარებით რთული იქნება და ყველაფერი მოსახლეობაზეა დამოკიდებული: 

"ალბათ ეს კვირა და შემდეგი კვირა იქნება ცოტა რთული, იქნება მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ ეს მაინც მოსახლეობაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ მძიმე დღეებში და როგორ გავაგრძელებთ რეკომენდაციების დაცვას," - თქვა ენდელაძემ.

სამებაში სააღდგომო წირვა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. მთავრობამ და საპატრიარქომ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ აღდგომის ღამეს დიდ ტაძრებში წირვას მოქალაქეებიც დაესწრებიან.

სააღდგომო წირვას პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

კომენტარები