კორონავირუსი და ეკონომიკა

გახარია: წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება $3 მილიარდის საერთაშორისო დახმარება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო წლის ბოლომდე 3 მილიარდ დოლარამდე საერთაშორის დახმარების მობილიზებას შეძლებს.

"დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის." - ამბობს პრემიერი.

"ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი."

გახარია მადლობას უხდის საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სხვა დონორებს დახმარების გამოყოფისთვის.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 450 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

"აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება." - აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, მთავრობის მიზანი იქნება, 2020 წლის დასაწყისის ეკონომიკურ მდგომარეობისთვის დაბრუნებას ქვეყანას წელიწადნახევრიდან ორ წელიწადამდე დასჭირდეს:

"ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ."

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4%-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ს 8.5%-მდე გაიზრდება.

როგორც IMF-ში ამბობენ, საქართველოს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად 2020-21 წლებში 1.6 მილიარდი დოლარის მობილიზება დასჭირდება, რასაც ნაწილობრივ დააფინანსებს როგორც სავალუტო ფონდი, ისე სხვა დონორი ორგანიზაციები.

კომენტარები