კორონავირუსი და ეკონომიკა

CRRC: პანდემიისას შინამეურნეობების საშუალო და მედიანური შემოსავალი თითქმის განახევრდა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, შინამეურნეობების როგორც საშუალო, ისე მედიანური შემოსავალი კრიზისას თითქმის განახევრდა.

კვლევის თანახმად, თუ კორონავირუსის კრიზისამდე შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი 1080 ლარი იყო, 2020 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 717 ლარამდე შემცირდა, აპრილში კიდევ 100 ლარით 617 ლარამდე, ხოლო მაისში მცირედით მოიმატა და 654 ლარს გაუტოლდა.

მედიანური შემოსავალი კრიზისამდე 700 ლარის ტოლი იყო, მარტში 462 ლარამდე შემცირდა, აპრილში 400 ლარამდე, მაისში კი 440 ლარს მიაღწია.

ამასთან, გამოკითხულთა 28%-მა განაცხადა, რომ სამუშაო დაკარგა კრიზისის მიმდინარეობისას. კვლევის თანახმად, მათგან ნახევარზე მეტმა კვლავ დაიწყო მუშაობა.

გამოკითხულების 56% ამბობს, რომ ძალიან აღელვებს, როგორი იქნება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შემდეგ თვეში. 35% ამბობს რომ აღელვებს, ხოლო 7% ამბობს, რომ არ აღელვებს. გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ მომდევნო თვეში ოჯახის ფინანსური მდგომარეობა საერთოდ არ აღელვებს.

კვლევიდან ირკვევა ისიც, რომ გამოკითხულთა 64%-ისთვის Covid-19-ის ეკონომიკური ზიანი ვირუსზე უარესია.

კომენტარები