ახალი კორონავირუსი საქართველოში

ჭიაბერაშვილი: გახარია ცდილობს, ინფექციამ ჰოსპიტალური სექტორი არ დატვირთოს, მაგრამ სანამდე?

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ახალი კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

"გახარიამ ყველაზე კარგად იცის: თუ ეპიდემიის მასშტაბმა იმ დონეს მიაღწია, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, სულ უფრო ნათლად გამოჩნდება უზარმაზარი უფსკრული, რაც მთვარობის პროპაგანდისტული მანქანის მიერ შექმნილ იმიჯსა და მწარე რეალობას შორის არსებობს.

ამიტომ თავგანწირვით ცდილობს, ინფექციამ რაც შეიძლება მინიმალურად დატვირთოს ჰოსპიტალური სექტორი. მაგრამ სადამდე?

თავი დავანებოთ იმას, რომ ხანგრძლივი კარჩაკეტილობით ამ მიზნის მიღწევას ხალხი სოციალურად ვერ გაუძლებს. ამის რესურსი ქვეყანაში არ არსებობს.

სხვა პრობლემაა მთავარი:

ვირუსმა რომ გავრცელების უნარი დაკარგოს, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა იგი უნდა მოიხადოს. რა პროცენტმა? ჯერ მსოფლიოში არავინ იცის, მაგრამ ის კი ყველამ იცის, რომ თუ ასეთი დრაკონული წესებით ინარჩუნებ გავრცელების დაბალ მასშტაბს, ვირუსის ტყვე ხარ - რა წამს მოხსნი კარჩაკეტილობას, მკვეთრი მატება გარდაუვალია.

მთავრობამ რომ კრიზისი ეფექტიანად მართოს, მას ხელთ სანდო სტატისტიკური მოდელი უნდა ჰქონდეს, რაც ვირუსის გავრცელების დონესა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას შორის კავშირს დაანახებს.

მთავრობას არათუ ეს მოდელი არ აქვს, რომც ჰქონდეს, ვერ გამოიყენებს მარტივი მიზეზის გამო: მას უბრალოდ ეშინია ჰოსპიტალური სექტორი მინიმალურ დონეზე მაინც დატვირთოს!

(დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმას, რომ ის მაინც დაიტვირთება :( )

კარჩაკეტილობის ერთადერთი გამართლება არის, ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეაკავო მანამდე, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალურ სექტორს სათანადოდ მოამზადებს. საუბარია 4-6 კვირაზე. ამაზე მეტად, უბრალოდ, ვირუსს ისე ვერ შეაკავებ, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არ გაგეზარდოს.

  • გამოვიყენეთ ეს 4-6 კვირა?
  • რაში გამოვუყენეთ?
  • რა გავაკეთეთ?

ჰოდა, ვუბრუნდები იმავეს, რითაც დავიწყე.

გახარიამ ყველაზე კარგად უწყის,

- ვინ ეუბნებოდა საკოორდინაციო საბჭოზე, რომ სწრაფი ტესტები პანაცეა არ არის და ვინ ათქმევინა ეს ფრაზა საჯაროდ;

- ვინ დააბლოკინა ტიკარაძეს თებერვალში განაცხადი სწარფი ტესტების ევროპიდან ჩამოტანაზე;

- ვინ დააჯერა, რომ შესაძლებელია, ქვეყანაში შიდა გადაცემა არ გქონდეს 83-ე შემთხვევამდე, როდესაც ამერიკამ მე-16 შემთხვევა გამოაცხადა შიდა გადაცემად, გერმანიამ კი - 25-ე (ფაუჩი და დროსტენი სულელები არიან და ჩვენ გენიოსები ხომ?!)

- ვისი პასუხისმგებლობაა პროტოკოლი, რომელზე ჯიუტობაც მარნეულის და ქობულეთის კლასტერებად დაგვიჯდა;

- ვისი პასუხისმგებლობაა დოლბანდი - "საყოფაცხოვერბო მოხმარების", როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა :(

- ვინ ამბობდა 2 დღეში ერთხელ ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზებს.

ჰოდა, მეგობრებო, საკითხი ასე "მარტივადაა":

ამ ვირუსისგან თავდაცვა თუ გვინდა, 3 რამ გვჭირდება:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი
  • მათემატიკა, და
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობა

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

P.S. კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანი მიხვდება, რომ ეს პოსტი არ ემსახურებას იმას, რომ ამოიოხროთ "გახარიამაც რა ქნას?"

P.P.S. ფბ-ლაიქის, მით უმეტეს, <3 -ის ანგარიშმიუცემლად გამოყენებაც კრიტიკული აზროვნების უნარისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილია", - წერს ჭიაბერაშვილი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მოტივით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გახარიამ პრეზიდენტს მისი 10 მაისამდე გადაწევაც სთხოვა. მოქმედებს ე.წ კარანტინის საათი, გაჩერებულია ბიზნესები, დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათოსი და აფთიაქებისა. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ვინაიდან Covid 19 წვეთოვანი გზით ვრცელდება. მიუხედავად ამისა, ეკლესიები წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში ატარებენ, უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესიც. კორონავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირს, რომელმაც 7 აპრილს ზიარების რიტუალიც ჩაატარა. მიმდინარე, ვნების კვირას ტაძრები მრევლით განსაკუთრებით დატვირთულია. საპატრიარქო საქართველოს კანონს არ ემორჩილება და პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. შესაბამისად, ვირუსის ფართოდ გავრცელება საეკლესიო დღესასწაულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

Covid 19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 14 აპრილის 19:00 საათის მონაცემებით, გამოვლენილია 296 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა.

კომენტარები