ახალი კორონავირუსი საქართველოში

თალაკვაძე: თუ წესები შესრულდება, შესაძლოა შეზღუდვები მაისიდან ეტაპობრივად მოიხსნას

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან შეზღუდვების მოხსნა, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება. მან პასუხისმგებლობის გააზრება მოქალაქეებს სთხოვა.

განცხადება თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა, რომელიც დღეს პარლამენტში ჩატარდა.

"თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და ამ წესების დაცვა - მხოლოდ ეს შეიძლება, იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა ნებისმიერ შემთვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომატებულ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს.

რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დაუბრუნდება ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფექტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, შევძლებთ, რომ სავარაუდოდ მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს", - თქვა თალაკვაძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათიც ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და სხვა. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, რომელიც წვეთოვანი გზით გადაეცემა და რომელთა საბრძოლველადაც სოციალური დისტანცირება მსოფლიოში აპრობირებული ხერხია.

თუმცა, საქართველოში ამ წესის დაცვას არ აპირებს საპატრიარქო - ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივად ტარდება, არც შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვლილა. 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ილია მეორეც იმყოფებოდა, რომელიც 87 წლისაა, ამასთან თანმდევი დაავადებები აქვს და მისი ინფიცირება განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცვლია. მიმდინარე კვირას არის დიდი ხუთშაბათიც, როცა განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ეზიარება, 19 აპრილს კი აღდგომაა. ეკლესია მრევლს ტაძრებში ტაძრებში მისვლისკენ მოუწოდებს, ხელისუფლება კი მას კანონის დარღვევისა და მომეტებული საფრთხის შექმნისთვის პასუხს არ სთხოვს. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პიკი დღესასწაულებს დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები