ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დავრჩეთ სახლში, დავაფასოთ ერთმანეთის შრომა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში. ასე უპასუხა მინისტრმა მედიის კითხვას, რა რეკომენდაცია აქვს იმ მრევლის მიმართ, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძრებში მისვლას აპირებს.

"ჩემი რეკომენდაცია რჩება უცვლელი, მნიშვნელოვანია, დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფასოთ ერთმანეთის შრომა. ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს განხორციელებული ყველა მოქალაქის მხრიდან შესაბამისი ხარისხით", - თქვა მან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, მრევლი ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

12 აპრილს სამებაში შეკრებილებს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგიც გააცნეს. აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. თუმცა, ეკლესია კანონს არ ემორჩილება და მათ ამისკენ არც ხელისუფლება მოუწოდებს.

კომენტარები