კორონავირუსი და ეკლესია

ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას მოითხოვს

ბასილ კობახიძე

რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას ითხოვს. მისი თქმით, დეკანოზი ხალხს კოლექტიური თვითმკვლელობისკენ მოუწოდებს.

"მოვითხოვ, პოლიციამ დააპატიმროს დეკანოზი შალვა კეკელია, ის თავის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღმერთის სასჯელით აშინებს ხალხს და მოუწოდებს კოლექტიური თვითმკვლელობისკენ" - ამბობს კობახიძე.

კორონავირუსის გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დეკანოზმა შალვა კეკელიამ მრევლს და მთავრობის წევრებს აღდგომის წირვაზე ეკლესიებში მისვლისკენ მოუწოდა. 

"რას ეტყვი ღმერთს, რომ წარსდგები უფლის წინაშე, რა უნდა უთხრა ღმერთს, რატომ არ მიხვედი მსახურებაზე, რა უნდა უთხრა ღმერთს - მომავალ წელს აღდგომას დაველოდები ღმერთო და მომავალ წელს მოვიდოდიო? მომავალი წლის აღდგომა რომ არ გაგითენდეს? მეორე წლამდე რომ არ იცხოვრო? იმ აღდგომას რას აკეთებ. აბა, მაშინ შენი ქრისტიანობა რაღა არის, სად არის შენი ქრისტიანობა, ნუ იწოდები ქრისტიანად, მაშინ თუ ასეთ რამეზე ლაპარაკობ.

ადამიანი, რომელიც ცუდად იყო, მაშინაც რჩებოდა სახლში, მას გასამართლებელი საბუთი ჰქონდა, რომ სახლში დარჩენილიყო, მაგრამ თუ შენ, ჯანმრთელი ადამიანი წირვაზე არ წამოხვალ აღდგომას, ღვთის მსახურებას არ დაესწრები, მერე ქრისტიანის სახელი როგორ უნდა ატარო? ეს ყველაფერი რომ გადაივლის, მერე როგორ უნდა დადგე ამ წირვაზე და რა უნდა უთხრა მერე ღმერთს? - მაშინ საშიშროება იყო და შენთან, ტაძარში არ მოვედი? სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა მქონდა?

რა პასუხისმგებლობა გქონდა? მოდი ტაძარში და დაიცავი დისტანცია, თუ მაღაზიაში დგახარ ოთხი საათი რიგში საჭმლის მოსაპოვებლად, ღვთის მსახურებაზე რიგში დგომა არ გინდა? ეს მთელმა სახელმწიფომ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, აღდგომის წირვა ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ, დიახაც, უნდა მოვიდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები ეკლესიაში და უნდა დაგვეხმარონ მრევლის გადანაწილებაში, რომ ქუჩებში ეს ხალხი განაწილდეს, დაშორიშორებული იდგეს, ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდეს" - მიმართა მრევლს დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 21:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. დაიხურა არაერთი სავაჭრო ობიექტი. შეწყვეტილია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. ადამიანებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსებით და კერძო მანქანებით შეუძლიათ, ისიც მაშინ, თუ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი არ იქნება. საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის მოქალაქეები ჯამურად 9 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმეს.

ამის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვები ჩვეულებრივ სრულდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ.

კომენტარები