კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის კლინიკაში, რომელიც საკარანტინო ზონად გამოცხადდა, 170 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა

The Moscow Times

რუსეთში, საავადმყოფოში, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული, კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის სამედიცინო პერსონალი და პაციენტები არიან. ჯამში, საავადმყოფოში 1 100-მდე ადამიანია. 

როგორც ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ამ ადამიანებს ტესტი თავიდან ჩაუტარდებათ, რომ შედეგი "დადასტურებული ან უარყოფილი" იყოს. 

ქალაქ უფაში კუვატოვის რესპუბლიკური კლინიკა მკაცრ საკარანტინო ზონად ორშაბათს, 6 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, 5 ექიმსა და 2 პაციენტს COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდა.

კლინიკაში 5 აპრილს პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა - მას კორონავირუსზე ტესტი გარდაცვალების შემდეგ გაუკეთდა. 

რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის 13 584 ადამიანს დაუდასტურდა. 106 პაციენტი გარდაიცვალა, 1 045 - გამოჯანმრთელდა. 

25 მარტს სერგეი სობინიანიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მოსკოვში, რეალურად, უფრო მეტი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანია, ვიდრე ინფორმაცია აქვთ. მისივე თქმით, უცხოეთიდან დაბრუნებულ ადამიანებს COVID-19-ზე ტესტირება არ ჩატარებიათ. 

ასევე, რუსი აქტივისტი და ექიმი, ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. ის ხელისუფლებას ტყუილსა და კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთს კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. დასავლურმა მედიამ მოიპოვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ მომზადებული 9-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 16 მარტით არის დათარიღებული და ორგანიზაციის შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მასში ნათქვამია, რომ რუსული მედია დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას, რათა უნდობლობა და პანიკა დათესოს.

თებერვლის ბოლოს აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები. 

კომენტარები