ნავთობის ბაზარი

OPEC და რუსეთი ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე შეთანხმდნენ

wordpress.com

ერთთვიანი უთანხმოების შემდეგ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია [OPEC] და რუსეთი ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს

პირველი მაისიდან მხარეები მოპოვებას დღეში 10 მილიონი ბარელით შეამცირებენ. გარიგების მომდევნო ეტაპი 1 ივლისიდან ამოქმედდება. მხარეები მოპოვებას 2 მილიონით გაზრდიან, შემცირება კი დღეში 8 მილიონი ბარელი იქნება.

მესამე ეტაპი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მოპოვება უკვე დღეში 4 მილიონი ბარელით გაიზრდება, პირვანდელ შემცირებასთან შედარებით. შეთანხმება 2022 წლის აპრილამდე იმოქმედებს.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომდევნო შეხვედრის თარიღზე, რომელიც 10 ივნისს გაიმართება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმებას აშშ და კანადაც შეურთდებიან, რითიც შემცირება 15 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, თუმცა მიღწეულ შეთანხმებაში ეს პუნქტი გაწერილი არ არის.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გარიგებას არ შეურთდება, ხოლო, ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამერიკულმა ნავთობის კომპანიებმა მოპოვება ისედაც შეამცირეს.

შეთანხმების ფარგლებში რუსეთი და საუდის არაბეთი თითოეულ მოპოვებას დღეში 2,5 მილიონი ბარელით შეამცირებენ. ახალი შეთანხმების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ერთი თვის წინ რუსეთმა მხარი არ დაუჭირა საუდის არაბეთის წინადადებას, რომელიც მოპოვების ტემპების შემცირებას გულისხმობდა. 

მაშინდელი შეთავაზებით რუსეთს მოპოვება დღეში 700 ათასი ბარელით უნდა შეემცირებინა, რაზეც რუსულმა მხარემ უარი თქვა. არსებული ვერსიით, საუდის არაბეთთან ალიანსის ჩაშლის ინიციატორი ვლადიმერ პუტინის ძველი მეგობარი და კომპანია როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი იყო. 

სეჩინს მიაჩნდა, რომ ისედაც შემცირებული მოპოვებით ამერიკელი ფიქლის ნავთობის მწარმოებლები სარგებლობდნენ. შემცირებული მოპოვება ნავთობის ფასებს 40-60 დოლარის ფარგლებში ამაგრებდა, რაც ამერიკელებისთვის ხელსაყრელი იყო, რადგანაც ამ ფასის პირობებში ფიქლის ნავთობის ინდუსტრიას მომგებიანს ხდიდა. 

სეჩინის აზრით, შემცირებული ფასების პირობებში ამერიკელებისთვის ფიქლის ნავთობის მოპოვება წამგებიანი გახდებოდა, რაც ბაზარზე აშშ-ს წილს შეამცირებდა და საბოლოოდ ბაზრიდან ამერიკელების გაძევებით დასრულდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. რუსეთის უარის შემდეგ, საუდის არაბეთმა საფასო ომი გამოაცხადა და მოპოვება რეკორდულ 13 მილიონ ბარელამდე გაზარდა. 

შედეგად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ფასებმა ბოლო ათწლეულების მინიმუმი განაახლეს. განსაკუთრებით დაეცა რუსული ნავთობის ფასი - წინა კვირაში ფასი 10,5 დოლარამდე დავარდა. დიდი ალბათობით, სწორედ მკვეთრად დავარდნილი ფასები გახდა რუსების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების სტიმული. 

რამდენიმე დღის წინ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა დონალდ ტრამპმა, შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთანაც. სწორედ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გამოთქვა მზაობა ვლადიმერ პუტინმა, შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება.

მიღწეული ახალი შეთანხების ფარგლებში, მოპოვებას დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირებს ერაყი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები კი - 700 ათასი ბარელით. ჯერჯერობით უცნობია მექსიკის პოზიცია, რომელსაც მოპოვება დღეში 400 ათასი ბარელით უნდა შეემცირებინა. 

გაურკვეველია ბრაზილიისა და ნორვეგიის პოზიციაც.

კომენტარები