არჩევნები 2020

მდინარაძე: საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ

საქართველოს მთავრობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის შესახებ 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას "გარანტირებულად შეასრულებს".

Postv-ის ეთერში მდინარაძემ თქვა, რომ თუ ადრე პრაქტიკაში საკონსტიტუციო ცვლილებებს 3-4 თვე სჭირდებოდა, ახლა პარლამენტმა შესაძლოა სათანადო პროცედურები 2 კვირაშიც განახორციელოს.

"გარანტირებულად, შეთანხმებას შევასრულებთ - გადავალთ ისევ შერეულზე, მაგრამ 120/30 მოდელზე. თუ ადრე პრაქტიკაში ასე იყო, რომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა სამი და ოთხი თვე, შეიძლება, მაქსიმუმ ორ კვირაშიც კი, ეს ყველაფერი დავამთავროთ. ეს პროცესი პრაქტიკულად დაწყებული გვაქვს, საგანგებო მდგომარეობამ შეაჩერა. მორჩება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ შევძლებთ, სახალხო განხილვა ჩავატაროთ მათ შორის დისტანციურად  და ეს შეთანხმება აღვასრულოთ. ამით გადავალთ საარჩევნო რეჟიმზე, სადაც უკვე ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას", - თქვა მან.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით 8 მარტს დასრულდა. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება.

საარჩევნო ბარიერი 1%-იანი იქნება.

ჩამკეტი მექანიზმი განსაზღვრავს იმას, რომ ერთი პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შექმნის უმრავლესობას. კანონმდებლობაში იქნება სხვა მექანიზმები, რომლებიც მიღებული ხმების მიხედვით მანდატების უფრო პროპორციულ განაწილებას შეუწყობს ხელს.

30 საარჩევნო ოლქი თანხმობაში იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებასთან, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, ოლქის ამომრჩევლის რაოდენობის საშუალო ზომიდან გადახრა 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაძლოა იყოს სამამდე გამონაკლისი, სხვადასხვა გეოგრაფიული საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის.

თუ 2020 და 2024 წლებს შორის ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლის არჩევნებისთვის განსაზღვრული წესით, ყველა მომდევნო - სრულად პროპორციული წესით, როგორც ეს 2024 წლისთვისაა განსაზღვრული".

საარჩევნო სისტემის პროპორციულთან დაახლოების გარდა, ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, რაზეც, ოპოზიციური ლიდერების თქმით, შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები