კორონავირუსი

წულუკიანი: პოლიცია ეკლესიაში არ შეიჭრება, მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა მისი მიმართულება

თეა წულუკიანი
Reuters

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, "წესი ყველასთვის წესია", თუმცა, ეკლესიაში შესვლა და მრევლის "ქეჩოთი გამოყვანა" არ არის პოლიციის მიმართულება. წულუკიანმა რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ კანონს ვინც არღვევს, აჯარიმებენ და ეს კომენდანტის საათის დროს კარგად ჩანს.

ჟურნალისტმა იუსტიციის მინისტრს ეკლესიებში მრევლის თანდასწრებით წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე ჰკითხა, მაშინ როცა, სამ ადამიანზე მეტის შეკრება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალა. თეა წულუკიანის თქმით, როცა ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. 

"პირდაპირ თქვით, საით მიგყავთ საუბარი, გინდათ დასვათ კითხვა, უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ ის, მე რასაც გატყობთ, რომ პოლიციას უბიძგოთ, შეიჭრას ეკლესიაში... თქვენ არ უნდა მოუწოდებდეთ არავის, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში... თქვენ გინდათ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში, ეს არ მოხდება" - მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

იუსტიციის მინისტრის აზრით, ღამე ყველაზე თვალსაჩინოა პოლიციის მოქმედება.

"იმ ღამით ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც. ციფრები გუშინ იყო შედარებით უკეთესი იმიტომ, რომ წინა ღამეებზე მართლაც იყო პოლიციის მხრიდან ყველანაირი ლმობიერების გარეშე სანქციების გამოყენება.

თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი პოლიციიდან, ეს არ არის ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არც უნდა იყოს და ეს სწორია. კანონი წერია, კანონი იხსნება და ამ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს" - თქვა იუსტიციის მინისტრმა რუსთავი 2-ზე ჩართვისას.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს, ეკლესიაში წირვა-ლოცვები გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. დაიკეტა სავაჭრო დაწესებულებები მარკეტების და აფთიაქების გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გასვლა 3 000 ლარით ჯარიმდება. შეწყდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მოქალაქეებს დღის საათებში გადაადგილება მხოლოდ ტაქსით და პირადი მანქანით შეუძლიათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი არ იქნება.

კომენტარები