კორონავირუსი

პირბადეების კონფისკაციის გამო ბერლინი აშშ-ს "მეკობრეობაში" ადანაშაულებს

GETTY IMAGES

ბერლინის ადგილობრივ მთავრობაში ამბობენ, რომ მათ მიერ ამერიკული კომპანიისათვის შკვეთილი 200,000 პირბადის, რომელიც ქალაქ ბანგკოკში იყო და გასაგზავნად ამზადებდნენ, კონფისკაცია აშშ-მა განახორციელა და მათ სავარაუდოდ ამერიკაში გააგზავნიან. მათ ეს ქმედება დაგმეს და "თანამედროვე მეკობრეობა" უწოდეს.

ნიღბები ბერლინის პოლიციამ შეუკვეთა, თუმცა მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აამოქმედა კორეის ომის დროინდელი თავდაცვის წარმოების კანონი, რომელიც სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებს ავალდებულებს პროდუქციის სხვა ქვეყნებში გაყიდვის ნაცვლად აშშ-ის ადგილობრივი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

"ჩვენ ეს ნივთები ადგილობრივი მოხმარებისათვის გვჭირდება." თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-მა უკვე ამოიღო 200,000-მდე ნიღაბი, 130,000 პირბადე და 600,000 ხელთათმანი, რაც ქვეყნის სხვადასხვა შტატში მდებარე საავადმყოფოებში გადანაწილდა.

ბერლინში კი აშშ-ს მოუწოდებენ დაემორჩილოს საერთაშორისო ვაჭრობის კანონებს.

"ასე არ უნდა ექცეოდეთ პარტნიორებს. გლობალური კრიზისის პირობებშიც კი ველური დასავლეთის კანონები არ უნდა მოქმედებდეს." ამბობს ბერლინის შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიებს მოსთხოვა შეწყვიტონ აშშ-ში დამზადებული სასუნთქი ნიღბების გატანა კანადასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ პროდუქციის დაბლოკვა და ვაჭრობის შემცირება შეცდომა იქნება.

2 აპრილს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის დამცავი ნიღბების და ხელთათმანების ნაკლებობაა. მან შტატების გუბერნატორებს მოუწოდა მოლაპარაკებები აწარმოონ მწარმოებლებთან და თავად უზრუნველყონ სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.

ქირურგიული ნიღბების ნაკლებობის პირობებში კი ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელებს არასამედიცინო ნიღბების ტარება ურჩია.

ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადება დაუდასტურდა 277,607 ადამიანს, დაიღუპა 7,406, გამოჯანმრთელდა 12,283. გერმანიაში კორონავირუსი სულ 91,589 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 1,293, გამოჯანმრთელდა 24,575 ადამიანი.

კომენტარები