კორონავირუსი

ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ უნდა დაკრძალონ კორონავირუსით გარდაცვლილი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ქვემო ბოლნისიდან გადმოყვანილი 79 წლის ქალი გარდაიცვალა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ქალს ინფექცია წლისთავზე მყოფმა ადამიანმა გადასდო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემუშავებულია სპეციალური წესები, როგორ უნდა მოხდეს გარდაცვლილის გაპატიოსნება და დაკრძალვა.

“სპეციალური გვამის ჩანთები არსებობს, რა თქმა უნდა, გვაქვს ქვეყანაში, სადაც გვამი შესაბამისი დამუშავებით მოთავსდება. ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურ საათავსოში და უკეთდება შესაბამისი ნიშანი, გვამის დროებითი დაყოვნების სათავსოში ხდება გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება.

დროებით დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში, უკვე უნდა ეცნობოს ახლობლებს, მათ კარგად უნდა აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები და ისინი უნდა მიყვნენ ამას.

აუცილებელია, რომ კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე და ამ დროს არ იყოს ტრადიციული, დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდები და არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, შესაბამისი სარიტუალო სუფრები და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციაა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყველა ეს რეკომენდაცია ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს” - თქვა გამყრელიძემ.

კომენტარები