საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ილია: დღეს ეკლესიაში უფრო ძლიერია რუსული იდეოლოგიური გავლენა, ვიდრე 1917 წელს იყო

ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიაში წარმოშობილი ფანატიკური და აგრესიული ფუნდამენტალიზმით დაავადებული დაჯგუფებები არამხოლოდ დასავლეთის ქვეყნების დემონიზირებით და რუსეთის განდიდებით არიან დაკავებულები, არამედ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივი გმობით და შეურაცხყოფით. [...] ესენი იყვნენ, რომლებიც სირცხვილის კორიდორის მოწყობას ცდილობდნენ რომის პაპ ფრანცისკესადმი, როდესაც ის შედიოდა სვეტიცხოველში, სადაც სამეუფეო ზარების რეკვით და დიდი ზარზეიმით კარიბჭეში მიეგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ამავე დაჯგუფებებისთვის პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პირველი ოცი წელი (1977-1997) სრულიად მიუღებელი და დაგმობილი ხანაა, გამომდინარე საქართველოს ეკლესიის მსოფლიო (ანუ ეკუმენურ) საეკლესიო საბჭოში ყოფნისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ამ საბჭოს პრეზიდენტად ყოფნის გამო. დღეს თუ ჩუმად არიან ისინი ამის გამო, ეს მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევაა და არა პატრიარქის მიმართ სიყვარულით გამოწვეული ქმედება. ეს დაჯგუფებები მუდმივ ზეწოლას და შანტაჟს ახდენენ საქართველოს საპატრიარქოზე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია მათ ტყვეობაშია.

საკითხის სისავსისათვის ისიც უნდა ითქვას რომ 1980/90-იან წლებში ამ ყველაფრის მესაძირკვლე და ფუძემდებელ-მოძღვარი საქართველოს ეკლესიაში იყო და არის თბილისელი რუსი არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი, ადამიანი ფართო ერუდიციით, წიგნიერებით და ინტელექტით, თუმცა კი რუსულ პრავასლავნიკურად იდეოლოგიზირებული, რომელმაც პრაქტიკულად იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ყველა რუსმა ეგზარქოსმა 1817-1917 წლებში ერთად აღებულმა. დღეს თავისუფალი საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში უფრო ძლიერია რუსული იდეოლოგიური გავლენები, ვიდრე ეს 1917 წელს, რუსული სინოდის ასექვსწლიანი ბატონობის დასრულების ჟამს იყო.

ერთადერთი გამოსავალი ვითარების გამოსასწორებლად არის საეკლესიო განათლების და ინფორმაციის გაძლიერება-განვითარება, რათა დაიძლიოს ჩრდილოეთის ჩრდილოვან (ე. ი. ბნელ) მხარეში (ე.ი. რუსეთი) ტრანსფორმირებული მართლმადიდებლობის გავრცელება საქართველოში და მის ნაცვლად მსოფლიო წმინდა ეკლესიის თავანკარა ნაკადულებს დაეწაფოს კვლავ ჩვენი ეკლესია, საიდანაც ნათლდებოდნენ და ცოდნის გზას იკვალავდნენ ჩვენი დიდი საეკლესიო მამები და ერი მირიან მეფიდან და წმინდა ნინოდან მოყოლებული საუკუნეთა მანძილზე.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

კომენტარები