ეკონომიკა

14-იდან 21 მარტამდე აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა რეკურდული, 3 მილიონით გაიზარდა

ბოლო საანგარიშო კვირის განმავლობაში, უმუშევრობის კომპენსაციაზე პირველადი განაცხადების რაოდენობა აშშ-ში 3,28 მილიონამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, სულ რაღაც ორი კვირის წინ იგივე მაჩვენებელი 211 ათასს შეადგენდა და ისტორიულ მინიმუმს უახლოვდებოდა. 

ამგვარად, წინა კვირაში 1982 წლის რეცესიის დროინდელი რეკორდი მოიხსნა, რომლის დროსაც უმუშევრობის კომპენსაციაზე განაცხადი ერთი კვირის განმავლობაში 700 ათასმა მოქალაქემ შეავსო. უმუშევრობის კომპენსაციის მოთხოვნის სტატისტიკა აშშ-ში 1967 წლიდან ქვეყნდება. 

მონაცემების გასაჯაროვებამდე, განსხვავებული იყო ეკონომისტების პროგნოზი და ვარაუდი 1-იდან 4 მილიონ განაცხადზე არსებობდა. საბოლოოდ, პესიმისტურად განწყობილი ეკონომისტების პროგნოზი გამართლდა.

აღნიშნული მაჩვენებელი მიახლოებითი სიზუსტით აჩვენებს უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეების რაოდენობას. რეკორდული ზრდა კი კარგად აჩვენებს თუ რამდენად მძიმე უარყოფითი ეფექტი იქონია Covid-19-ის პანდემიამ აშშ-ის შრომის ბაზარზე. 

წლევანდელი მონაცემები საგრძნობლად აღემატება 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროინდელ მონაცემებსაც, მაშინ ერთი კვირის განმავლობაში შევსებული უმუშევრობის კომპენსაციის განცხადებების მაქსიმუმი 665 ათასს შეადგენდა.

მიღებული მონაცემების მიხედვით სავარადოა, რომ მომდევნო თვეში უმუშევრობის მაჩვენებელი 5,5%-მდე გაიზრდება, თუმცა, ასევე მოსალოდნელია, რომ ეს არის იქნება პიკი, ეკონომისტები უმუშევრობის დონის 13%-მდე ზრდასაც პროგნოზირებენ. შედარებისთვის 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს უმუშევრობის მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 10% შეადგინა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა. СNBC-ისთან საუბარში მნუჩინმა განაცხადა, რომ მონაცემები აქტუალური არ არის, რადგანაც ეკონომიკის სტიმულირების გეგმა კონგრესმა ამის შემდეგ გამოაქვეყნა. მნუჩინის თქმით, თეთრ სახლში შემუშავებული გეგმის ფარგლებში კომპანიები სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.  

ცნობისთვის, აშშ-მ ახალი კორონავირუსის შემთხვევებით ჩინეთს გადაუსწრო. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი დაავადების 82 404 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

კომენტარები