კორონავირუსი და ეკონომიკა

ცომაია: გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება არის ყველაზე სწორი გამოსავალი

bpn.ge

ეკონომისტი აკაკი ცომაია ტაბულასთან საუბარში ეხმაურება მთავრობის გეგმას, გაიზარდოს სახელმწიფოს ხარჯები კორონავირუსით ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანის შესარბილებლად.

ცომაიას თქმით, მთავრობის ხარჯების გაზრდა ავტომატურად ნიშნავს ვალების ზრდას, რაც "სრულდება, როგორც წესი, გადასახადების ზრდით."

ამასთან, ეკონომისტი ფიქრობს, რომ ჩინოვნიკების არაკეთილსინდისიერების გამო, "ძალიან ცოტა ნაწილი ამ ხარჯების გაზრდიდან მივა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება კრიზისის პერიოდში შესაბამისი თანხა."

როგორც ცომაია ამბობს, კრიზისთან გასამკლავებლად საუკეთესო გამოსავალი სახელმწიფო ხარჯებისა და გადასახადების შემცირება იქნება:

"გადასახადების შემცირება სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან ერთად და იმ კორუფციული ხარჯების შემცირება, რაზეც ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, არის ყველაზე სწორი გამოსავალი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისათვის, რომელსაც რეალურად სურს, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას. 

ერთი მილიარდამდე ლარი მაინც რომ გამოთავისუფლდეს და გადანაწილდეს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე, ბევრმა მომხმარებელმა დახარჯოს ერთი წლის განმავლობაში ერთი მილიარდი ლარით მეტი, ჩათვალეთ, რომ ეს ეკონომიკის იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს." - უთხრა მან ტაბულას.

კორონავირუსის მოსალოდნელი საფთხეებისგან ეკონომიკის დაცვაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 5 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა როგორც მონეტარული, ისევე ფისკალური სტიმულისთვის.

12 მარტს პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სტიმულირების გეგმის წარმოდგენა დაავალა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კი თქვა, რომ გადაიხედება ბიუჯეტი და გაიზრდება სახელმწიფოს ხარჯები.

"ჩვენ გამოვალთ ძალიან მალე ბიუჯეტის კორეკტირებით და ჩვენ გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესეც სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია."

ოპოზიცია მთავრობას გადასახადების შემცირებას სთავაზობს. ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეამცირონ საშემოსავლო, ქონებისა და აქციზის გადასახადები, გააუქმონ რეგულაციები და გაატარონ მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

კომენტარები