პოლიტპატიმრები

ინაშვილი: 8 მარტის შეხვედრაზე იყო კონკრეტული პირების გათავისუფლების მექანიზმებზე საუბარი

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ 8 მარტს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ოპოზიციის და მმართველი გუნდის ლიდერებმა იმსჯელეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მექანიზმებზე. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარს ქართული ოცნება უარყოფს.

"ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი იყო ამ შეხვედრებზე, გვარებზეც იყო საუბარი, მექანიზმებზეც იყო იდეები, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება... მე გარიგებაზე როცა ვლაპარაკობ, ამ გარიგებაში ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი შეხვედრები იყო არამარტო ამერიკის ან სხვა ელჩების რეზიდენციებში, არამედ პირდაპირ ხვდებოდნენ ერთმანეთს სააკაშვილის და ბოკერიას პარტიის წარმომადგენლები და ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერები.

საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არის, თუ როგორ არის საქმე? ქართული ოცნების მთავარი დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ 2013 წელს არ დაიწყო ამ პირების დაკავება და მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია" - თქვა ინაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

8 მარტის შეხვედრაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც შეთანხმდა. ხელისუფლება ისევ აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, თუმცა, ოპოზიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ისაუბრეს. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც მან აღნიშნა, პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად "პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს". როგორ მოხდება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციის წევრების თქმით, შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მაიკლ გალერის შეფასებით, გიგი უგულავას შეწყალება [ხელისუფლების] განზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება". სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში კი ელის, რომ "პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მყისიერად გათავისუფლდებიან".

კომენტარები