არჩევნები 2020

კობახიძე ოლქებზე: მთავარია თანაბრობის პრინციპი, დაყოფაზე ოპოზიციასთან შევთანხმდებით

ტაბულა

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი, ოპოზიციასთან შეთანხმებით გადაწყდება, მთავარი კი თანაბრობის პრინციპია.

კობახიძე ამბობს, რომ თბილისში, სავარაუდოდ, 7-8 ოლქი იქნება, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში - თითო-თითო.

"თანაბრობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. 30 ოლქად უნდა განაწილდეს საზღვრები. თბილისს უწევს 7-8 მანდატი, იმის მიხედვით, როგორ განაწილდება საზღვრები. ზოგიერთ ქალაქს უწევს თითო მანდატი - ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს.

დიდი ლავირების საშუალება არ არის.

არის შემთხვევები, როცა ერთი რეგიონი უნდა იყოს ერთი ოლქი, მაგალითად, გურიის რეგიონი იქნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. სხვა შემთხვევებში შესაძლოა 2, 3, 4 ოლქად შეიძლება დაიყოს რეგიონები. ეს არის ტექნიკური მხარე. მთავარია, რომ თანაბრობის პრინციპი იქნება დაცული, ზუსტად როგორ იქნება დაყოფილი, შევთანხმდებით ოპოზიციასთან ერთად" - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გადაუნაწილებელი მანდატი მცირე რაოდენობით დარჩება - 1 ან 2 მანდატი, რომელიც "განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებსაც ექნებათ უდიდესი ნაშთი".

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორირატული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები