არჩევნები 2020

მდინარაძე: 3-4 დღეში კონსტიტუციურ პროექტს წარმოვადგენთ, რომელშიც 40%-იან პრინციპს ავსახავთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი 3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს წარმოადგენს, რომელშიც ე.წ 40%-იანი პრინციპი იქნება გათვალისწინებული.

"რამდენიმე დღეში კონსტიტუციური პროექტი იქნება წარმოდგენილი, რომელშიც გათვალისწინებით იქნება ე.წ 40%-იანი პრინციპი. პრინციპი, რომელის მიხედვითაც პარტია, რომელიც ნებისმიერი კონფიგურაციით, მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებს, ვერ შეძლებს, დააკომპლექტოს მთავრობა ანუ მიიღოს 75 მანდატზე მეტი. მე მგონია, რომ შეთანხმება მართლაც შედეგით დასრულდება",- თქვა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

რაც შეეხება არსებითად პროპორციულობის პრინციპს, რაც ოპოზიციის მოთხოვნაა, მდინარაძის თქმით, "2016 წლის არჩევნები რომ ჩატარებულიყო იმ მოდელით, რასაც ახლა ოპოზიციას სთავაზობენ, ქართული ოცნება იმავე შედეგს მიიღებდა, რასაც პროპორციული არჩევნების პირობებში 5%-იანი ბარიერით".

"ჩვენი შეთავაზება გულისხმობს ამას - ვერც ერთი მანდატით მეტი, ვიდრე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში პროპორციულ არჩევნებზე", - თქვა მან.

მდინარაძე ასევე ამბობს, რომ საპროცენტო ბარიერზე ოპოზიციის ნებისმიერ შეთანხმებას დათანხმდებიან.

"რაც შეეხება ბარიერს, შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები, რამდენპროცენტიანსაც მოისურვებენ, იმდენზე მივყვებით და ავსახავთ შესაბამის პროექტში", - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

მანდატების რა პროპორციებით გადანაწილების წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ოპოზიციას არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურს. ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

ხელისუფლებისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ეს ვარიანტი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 40-ზე ნაკლებ ოლქად საქართველოს დაყოფა შეუძლებელია, შესაბამისად, 20 ოლქის შექმნა ვერ მოხერხდება. "ოცნებაში" ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

კომენტარები