სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: თუ გვაკრიტიკებენ, იმიტომ, რომ მოწინავე პარტნიორი ვართ, მოლოდინიც მეტია

პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება.

უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან არ გასულა 30 წელი და უკვე ვდგავართ ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი. 

30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც, ბუნებრივია, მოლოდინიც მეტია.

დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ისაა, რომ რეფორმების ბოლო ტალღა ყველაზე რთულია, და რომ არც ერთი მიღწევა საბოლოოდ არაა გარანტირებული. ამიტომ სჭირდება დემოკრატიას გაფრთხილებაც და ერთიანობაც. დღეს მისი მთავარი მტერი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პოლარიზაციაა, - პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს. ამის გამო დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, - ნაცვლად იმისა, რომ ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემის უპირატესობა გამოვიყენოთ და ეს ადგილი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას.

კომენტარები