დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა კორონავირუსის სიმპტომების მქონე ადამიანები სასაზღვრო კონტროლის დროს ტემპერატურის არ დაფიქსირების მიზნით, სიცხის დამწევ საშუალებებს იღებდნენ, რითაც სიმპტომები დროებით ინიღბებოდა. მან საზოგადოებას ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.
"მინდა, მივმართო ადამიანებს, ვინც ბრუნდებიან იტალიიდან, ესენი არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი – თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმები. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ, ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით, შემდგომ, ასე ვთქვათ, დროებით იმალება სიმპტომი. ამიტომ, ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობის და სიმპტომების შესახებ", - ამბობს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კარანტინი პირველ რიგში საჭიროა თავად ამ ადამიანებისთვის და ასევე, ეს ირგვლივ მყოფ ადამიანებს იცავს, ხელს უშლის ინფექციის შემდგომ გავრცელებას.
გამყრელიძის თქმით, დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იტალიაზე და იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე - აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს ის პირობები, რაც მათ რეკომენდაციის სახით ეძლევათ. მან აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მათგანს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, მათ უნდა დააფიქსირონ ეს და კარანტინში გადაიყვანენ:
"კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა არის სერიოზული ჰუმანური აქტი, რომ ჩვენ პრევენცია გავუკეთოთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას. ანუ ეს ადამიანები და ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარული, რომ ერთად დავძლიოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ინფექცია არ გავრცელდეს".
მან საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში არ იმოგზაურონ. ეს ქვეყნები ამჟამად არის ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ამას გარდა, გამყრელიძემ თქვა, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, საერთოდ მოერიდონ მოგზაურობას, თუმცა მისი თქმით, ეს მანდატორული რეკომენდაცია არ იყო - "ევროპაში უკვე სერიოზული გავრცელებაა, დღეს საფრანგეთში უკვე 100 შემთხვევაა მოგეხსენებათ, მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ გერმანიაში, იტალიაში 1000-ს გადააჭარბა."
ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა.





