კორონავირუსი

გამყრელიძე: რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არ გავცემთ

ამირან გამყრელიძე
NCDC

საქარველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტების კითხვაზე მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების წესთან დაკავშირებით თქვა, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემს. 

"მე არ მაქვს უფლება, გამიგეთ, მე არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავრთო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ, ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს - საპატრიარქო, მოგეხსენებათ, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და მაღალი, ასე ვთქვათ, მოსახლეობისადმი პატივცემული ინსტიტუციაა საქართველოში, ამ საკითხებს წყვეტს თვითონ. ჩვენ ვიძლევით ზოგად რეკომენდაციებს," - თქვა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ცენტრს საპატრიარქოსთან ხშირი კონტაქტი აქვს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ორი კვირის წინ, როდესაც ჩინეთს გარეთ დაავადების შემთხვევების რაოდენობამ იმატა, საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ხათუნა ზახაშვილმა, საპატრიარქოში დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა ჩაატარა. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი რეკომენდაციები გაიგზავნა.

ამ დროის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები