საარჩევნო სისტემა

რას ამბობს ქართული ოცნება 40%-ის პრინციპზე

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ისინი თანახმა არიან ისეთ საარჩევნო მოდელზე, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ პარტიამ, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს შეძლოს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება, თუმცა იმ დაშვებით, რომ ეს უნდა "მოარგონ" მათ მიერ შეთავაზებულ მოდელს.

ჯერჯერობით შეთავაზებული მოდელებიდან ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ორკომპონენტიან პრინციპს ვერცერთი აკმაყოფილებს. 

"კი ბატონო, ჩვენ შევქმნათ ისეთი მოდელი ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ეს მოვარგოთ ჩვენს მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს. ასეთი მექანიზმები, ასეთი დათქმები შესაბამისად ჩავდოთ და ვისაუბროთ ნებისმიერი მიმართულებით,"- თქვა მამუკა მდინარაძემ. 

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. 

ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ორი მოდელიდან (საჯაროდ ნათქვამი 100/50-ზე და შეხვედრაზე ნათქვამი 110/40-ზე) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ 40%-ის პრინციპს. 

"ბატონი თალაკვაძე ამბობს, რომ ეს 100/50-ზე მაჟორიტარების განაწილების შემთხვევაშიც ასე იქნება. ეგ, უბრალოდ, სისულელეა. ქართულ ოცნებაში უნდა მოიფიქრონ, რას გულისხმობენ,"- ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მოწოდებულია იმისკენ, რომ შედგეს კონსენსუსი. 

"ყველა არის მოწოდებული იმისკენ, რომ მოძებნილი იქნებს კომპრომისი. თუ ეს კომპრომისი ვერ იქნა მოძებნილი, რა თქმა უნდა, ეს იქნება დასანანი იმიტომ, რომ დრო გადის,"- ამბობს წულუკიანი. 

კომენტარები