საარჩევნო სისტემა

მდინარაძე ოპოზიციას 1 საათს აძლევს მოსაფიქრებლად, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას 1 საათი მისცა, რათა მოიფიქრონ და საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

საარჩევნო სისტემის კანონპროექტს დღეს, 23 ივნისს, კენჭს II მოსმენით უყრიან.

რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ისინი ბოიკოტს აგრძელებენ მანამ, სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

"ბევრი განცადება ვნახეთ, მათ შორის ტოპ ათეულში შეიძლება იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებებიო, როდესაც მათ გარეშეც, იმ დღეს ვნახეთ, რომ 116 ხმა ჰქონდა [კანონპროექტს]. თუმცა, დღეს ეს მეორეხარისხოვანია. დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი მივიჩნიოთ, ამიტომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ ყველანაირ პოლიტიკურ განცხადებაზე და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები: კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს 1 საათი იმისთვის, რომ გადაწყვეტილება შეცვლონ". – თქვა მდინარაძემ სხდომაზე.

საკონსტიტუციო კანონის პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით გადანაწილებას გულისხმობს, ევროპულმა საქართველომ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ა შშ-ს ელჩის რეზიდენციაში 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება – მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, I მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, I მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება. იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ენმ-მ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები