საარჩევნო სისტემა

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას, რომლითაც საარჩევნო სისტემა შეიცვალა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ მიღებას, რომელიც პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას უზრუნველყოფს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები – 8 მარტს პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილის მიერ მიღწეული შეთანხმების შედეგი ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობასა და მრავალფეროვნებას საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც სრულად ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და საქართველოს ხელისუფლებას – ეფექტურად განახორციელოს ეს კანონმდებლობა, როგორც საკვანძო ტესტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენ დაველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პროცესის სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ არჩევნების დღე.

აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, რაც ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად". –ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, 117 ხმით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც საარჩევნო სისტემა მომდევნო 4 წლით იცვლება და როგორც 2020 წლის, ისე რიგგარეშე არჩევნები, რომელიც 2024 წლამდე დაინიშნება, 120/30-ზე სისტემით გაიმართება. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით 120 მანდატი პროპორციული სიიდან შეივსება, ხოლო 30 – მაჟორიტარულიდან.

დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართებოდა, 2019 წლის 24 ივნისს, გავრილოვის ღამის და მასშტაბური პროტესტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა გასცა. თუმცა, დანაპირები არ შეასრულა და 2019 წლის 14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. საპროტესტო გამოსვლები განახლდა. რამდენიმე აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელი მოეწერა საარჩევნო შეთანხმებას, რომელიც საარჩევნო სისტემის ამგვარად ცვლილებას ითვალისწინებდა. შეთანხმების ნაწილი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც იყო, რომელიც მმართველმა გუნდმა ბოლომდე არ შეასრულა და გიორგი რურუა წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა.

კომენტარები